-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ფაღავა კონსტანტინე ყარამანის ძე (22.VII.1919, სურამი-21.I.1994, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი (1941), ფილოლ. მეცნ. კანდ. (1947), დოქტორი (1972). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1941), ასპირანტურა. იყო თსუ-ის ირან. ფილოლ. კათედრის ასისტენტი, უფრ. მასწავლებელი, დოცენტი (1947), პროფესორი (1972), ამავე კათედრის გამგე (1982-1987), თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1945-1950), დეკანი (1952-1957), სკკპ წევრი (1946-), დაჯილდოებულია მედლით „თავდადებული შრომისათვის დიდი სამამულო ომის პერიოდში“ (1946), ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით (1976), იყო საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). ფ. კ. იყო თსუ-ის შრომების აღმოსავლური სერიის სარედაქციო კოლეგიის წევრი; რამდენიმე ტომის რედ. თსუ-ის ბიბლიოთეკის სამეცნ. საბჭოს თავ-რის მოადგილე; სსრკ ირანის საზ-ების საქართვ. განყ-ბის თავ-რე, ამ საზ-ების ვიცე-პრეზიდენტი; საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტ. ურთიერთობის საზ-ების გამგეობის წევრი; მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს წევრი; თბილ. საშ. სკოლებში აღმოსავლური ენების სწავლების ერთ-ერთი ინიციატორი და კურატორი. ფ. კ.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროები: სპარს. ლიტ-რა; აზერბაიჯანის სპარსულენოვანი მწერლობა, საქართველო-აზერბაიჯანის კულტ. ურთიერთობები. იყო 100-მდე სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის, სამი მონოგრაფიის ავტორი: „ნიზამი“ (1964), რ-იც ამ პოეტის შესახებ დაწერილი პირველი ქართ. გამოკვლევა იყო; „აზერბაიჯანული და ქართული ლიტერატურული ურთიერთობისათვის“ (1966); „მირზა ფათალი ახუნდოვი“ (1968); „სპარსული ენის სახელმძღვანელო საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის“ (რედ., 1986), „სპარსული ენის სახელმძღვანელო“ (1987), არაერთი რეცენზიის ავტორი. ფ. კ.-მ კვლევა „შაჰნამეს“ რომანული ეპიზოდების შესწავლით დაიწყო, ორი ირანელი კლასიკოსი პოეტის შემოქმედების მისეული ანალიზი რუდაქი და ომარ ხაიამი გამოქვეყნდა კრებულში „რუდაქი“ (1957). სტატიაში ავტორი უპირატესობას რუდაქის ანიჭებს. თემურიდთა ეპოქის პოლიტ., სოც.-ეკონ. და კულტ. ვითარების მოკლე დახასიათებას ეთმობა „ჯამის ეპოქა“ (1964). მკვლევრის ორიგინალური ხედვის ნიმუშია „რეალისტური ნაკადის შესახებ კლასიკურ სპარსულ ლიტერატურაში“ (1967). ფ. კ.-ს ინტერესი და ერუდიცია როგორც კლასიკური, ასევე, თანამედროვე სპარს. ლიტ-რის სფეროში კარგად ჩანს გამოკვლევაში „სადეყ ჰედაიათი და კლასიკური სპარსული ლიტერატურა“ (1960), რ-იც განხილულია ს. ჰედაიათის შეხედულებანი ხაიამის შესახებ მისი ნაშრომის „თარანეჰაია ხაიამ“ („ხაიამის მოტივები“) მიხედვით. ახალ და უახლეს სპარს. ლიტ-რაში ფ. კ.-ს ინტერესი უპირატესად კრიტიკულ რეალიზმზე ფოკუსირდებოდა. ამ საკითხებს ეძღვნება მისი არაერთი სტატია. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აზერბ.-ქართ. ურთიერთობების კვლევასა და ირან. დრამატურგიას.
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ფაღავა, კ. (1956). დემოკრატიული მიმდინარეობა ირანის თანამედროვე პროზაში.თსუ შრომები, ტ. 61; ფაღავა, კ. (1964). კრიტიკული რეალიზმის შესწავლისათვის სპარსულ ლიტერატურაში, თსუ შრომები, ტ. 108; ფაღავა, კ. (1966). აზერბაიჯანული და ქართული კულტურული ურთიერთობებისათვის, ლიტერატურა და ხელოვნება; ფაღავა, კ. (1967). მირზა ფათალი ახუნდოვი და სპარსული ლიტერატურა. თსუ შრომები, ტ. 121; ფაღავა, კ. (1968). მირზა ფათალი ახუნდოვი. თბილ., ნაკადული; ფაღავა, კ. (1973). მირზა ფათალი ახუნდოვის ერთი კომედიის სათაურის შესახებ . აღმოსავლური ფილოლოგია, ტ. 3, 1973); ფაღავა, კ. (1983). სპარსული კომედიის შესწავლისათვის. თსუ შრომები, ტ. 241.
ლიტ.: გიუნაშვილი, ჯ. (თანაავტორი). (2009). თვალსაჩინო ირანისტი: პროფესორი კონსტანტინე ფაღავა - 90. საქართველოს რესპუბლიკა, 02 მაისი; კობიძე, დ. (1968). საყურადღებო შრომები ახუნდოვის შესახებ. ლიტერატურული საქართველო, 22 ნოემბერი.