ევგენიძე იუზა თეოდორეს ძე
ევგენიძე იუზა თეოდორეს ძე

ევგენიძე იუზა თეოდორეს ძე (24.II.1943, სოფ. ახალსოფელი - 2.I.2013), ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1965) და მოღვაწეობდა ამავე უნ-ტში (1969-დან); იყო ა. წერეთლის კაბინეტის გამგე (1993-2006); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2009-დან); გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის, მონოგრაფიები: „ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიისათვის“ (1977); „ვაჟა-ფშაველა“ (ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები, 1982); „ქართული რომანტიზმის საკითხები“ (1982); „გრიგოლ ორბელიანი“ (1995). მისი თანაავტორობითა და მონაწილეობით გამოცემულია არაერთი წიგნი და კრებ., მათ შორის „ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის“ (ტ. II, 2003) სახელმძღვანელო; გერმანიაში, ჟურნ. „გეორგიკაში“ დაიბეჭდა მისი ნარკვევი „ვაჟა-ფშაველას მრწამსის საკითხი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში“ (1966), ხოლო ვატიკანში გერმ. ენაზე გამოქვეყნდა ნაშრომები „ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების თემატიკა“ (2006) და „ვაჟა-ფშაველას პოეზიის რაინდული სული“ (2008); ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997). გადაეცა ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2003).

თხზ.: ევგენიძე, ი. (1989). ვაჟა-ფშაველა: ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები. უნ-ტის გამ-ბა; ევგენიძე, ი. (1995). გრიგოლ ორბელიანი: ცხოვრება და მოღვაწეობა. მერიდიანი; ევგენიძე, ი. (2000). ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. 1. უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 99928-77-38-3.