-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მათემატიკოსი
ესაკია ლეო (14.XI.1934-2010), მათემატიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1958). მუშაობდა მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში (1958-1963), მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტში (1963-2003), ა. რაზმაძის მათემატიკის ინ-ტში (2004-2010). ს. ლ. იყო მათ. ლოგიკის განყ-ების გამგე. საფუძველი ჩაუყარა ინტუიციონისტური და მოდალური ლოგიკის სკოლას საქართველოში. მას ეკუთვნის ფუძემდებლური შრომები ჰეიტინგის ალგებრებისა და S4-ალგებრების შესწავლის დარგში. განავითარა ორადობის თეორია, რ-იც თანამედროვე ლიტერატურაში ესაკიას ორადობად იწოდება. ჰეიტინგის ალგებრების ორადული სივრცეები ესაკიას სივრცეების სახელითაა ცნობილი. ე. ლ.-მ დაადგინა ხსენებული სივრცეების რამდენიმე ექვივალენტური აქსიომატიზაცია, რ-იც ამჟამად ფართოდ გამოიყენება. ნიშანდობლივი გამოყენებები ჰპოვა მისმა ლემამ, რ-იც ესაკიას ორადობისა და მონათესავე ორადობების შესწავლაში ძირითად იარაღს წარმოადგენს. ფართოდაა ცნობილი ბლოკ-ესაკიას თეორემა, რ-იც ამყარებს ურთიერთცალსახა თანადობას ინტუიციონისტური პროპოზიციული აღრიცხვის გაფართოებებსა და გჟეგორჩიკის ლოგიკის ნორმალურ მოდალურ გაფართოებებს შორის. მისი ინიციატივით დაფუძნდა საერთაშორისო კონფერენცია “International Conference on Topological and Algebraic Methods in Non-Classical Logics”, რ-იც პირველად ჩატარდა თბილისში (2003). ამჟამად TACL (Topology, Algebra and Categories in Logic) სახელით ცნობილი, ეს კონფერენცია რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ქვეყნებში და შესაბამისი დარგის ერთ-ერთ ცენტრალურ საკონფერენციო მოვლენას წარმოადგენს. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი საერთაშ. კონფერენციათა ციკლისა „International Conference on Topological Methods in Logic” (TOLO), რ-იც დღემდე იმართება თბილისში ორ წელიწადში ერთხელ. ე. ლ.-ს მოწაფეთა რიცხვს ეკუთვნიან რ. გრიგოლია, ა. მესხი, ნ. დარჯანია, მ. აბაშიძე, გ. ჯაფარიძე, მ. ჯიბლაძე, დ. პატარაია, გ. ბეჟანიშვილი, ნ. ბეჟანიშვილი, დ. გაბელაია, ა. კლიმიაშვილი, ლ. ურიდია, ი. ხუციშვილი. მათ ეკუთვნით ზემოაღნიშნული შედეგების მრავალმხრივი განვითარება, განზოგადებები და გამოყენებები, მათ შორის ე.ლ.-თან ერთობლივ შრომებში.
თხზ. Эсакиа, Л. Л. (1974). О топологических моделях Крипке, Докл. АН СССР, N 214:2 с. 298–301; Esakia, L. (2004). Intuitionistic logic and modality via topology. Annals of Pure and Applied Logic, 127(1-3), pp.155-170; Esakia, L. (2019). Heyting algebras. Springer International Publishing.