-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ენათმეცნიერი მწერალი
ერთელიშვილი ფარნაოზ გიორგის ძე (27. II. 1923, ქ. თბილისი-06. VII. 1972), ენათმეცნიერი, მწერალი, პედაგოგი. იყო თსუ-ის პირველკურსელი სტუდენტი (1940), როცა მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა თსუ-ში ფილოლ. ფაკ-ტზე (1946-1950). მუშაობდა თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ-მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად (1969-დან). აკად. ვარლამ თოფურიას ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში“ (1954), რომელიც წიგნად გამოსცა (1963). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ზმნური ფუძეების ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში“ (1967). იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი თსუ-ში ტოპონიმიკური ცენტრის — ტოპონიმიკის ლაბორ. — დაარსებისა. მან შეადგინა ტოპონიმთა ჩაწერისა და აღწერის პროგრამა საქართვ. ტერიტორიაზე, დაასაბუთა ტოპონიმიკის ლაბორ. დაარსების აუცილებლობა და მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართვ. სსრ მეცნ. აკად. პრეზიდიუმს. თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრასთან ერთად და აკად. შ. ძიძიგურის თაოსნობით შეიქმნა ტოპონიმიკური ცენტრი და ე. ფ. დაინიშნა მის მეცნიერ-ხელმძღვანელად (1969). მას ეკუთვნის ნაშრომები (გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი) ენათმეცნ. ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ფონეტ., მორფოლ., სინტაქსი, ეტიმოლ., ლექსიკოლოგია. იგი განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ენობრივი მოვლენის ისტ., დიაქრონიულ ასპექტში განიხილავდა პირის ნიშნებისა და ვნებითობის სუფიქსთა გენეზისის, ქცევის, სონანტური ანლაუტისა და აუსლაუტის, ზოგიერთი სიტყვაწარმოებითი აფიქსის ფუნქციისა და წარმომავლობის, ინვერსიის, მახვილის საკითხებს. შექმნა გამოკვლევათა სერია „სტრუქტურულ-ეტიმოლოგიური ძიებანი“. იგი დაინტერესებული იყო ფრაზეოლოგიით-იკვლევდა ხატოვან იდიომურ თქმებს, ანდაზებს, აფორიზმებს (ნოველების კრებული ანდაზების თემაზე გამოაქვეყნა ფ. გიორგაძის ფსევდონიმით).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ერთელიშვილი, ფ. (1962). რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში: I, ჰიპოტაქსის საკითხები. ახალი ქართული ენის კათედრის შრომები, 4. თსუ გამომცემლობა; ერთელიშვილი, ფ. (1970). ზმნური ფუძეების ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში. თსუ გამომცემლობა; ერთელიშვილი, ფ. (1959). მიმღეობის ერთი ტიპი ქართულში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 71; ერთელიშვილი, ფ. (1960). დ//-ნ(ენ) ვნებითობის სუფიქსთა გენეზისის საკითხისათვის. თსუს შრომები. ტ. 93.
ლიტ.: აფრიდონიძე, შ. (2008). ერთელიშვილი ფარნაოზ გიორგის ძე. ქართული: ენციკლოპედია. თბ.