ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა — საქართვ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნ.-საინფორმაციო დაწესებულება. იგი დაარსდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ცენტრ. სამეცნ. ბ–კისა და საქართვ. სამეცნ.-ტექ. ბ–კის გაერთიანების საფუძველზე (2006). ეროვნ. სამეცნ. ბ–კა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის შემადგენლობაშია (2010–დან). ბ–კა სამ კორპუსშია განთავსებული. მისი ფონდები მოიცავს წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, ალბომებს, კარტოგრაფიულ მასალებს, პატენტებსა და სტანდარტებს, მიკროფორმებს, აფიშებს, ფოტომასალას, გამოჩენილ მოღვაწეთა კერძო კოლექციებს, აგრეთვე რარიტეტულ და მინიატურულ გამოცემებს. ეროვნ. სამეცნ. ბ–კის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სამეცნ. და კულტ. მემკვიდრეობის დაცვა, შესწავლა, გაციფრება და გამდიდრება; მეცნიერების პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა; მეცნ. და მკვლევრების, აგრეთვე სტუდენტების მხარდაჭერა სამეცნ.-კვლევითი საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო რესურსებითა და სერვისებით; ასევე ღია კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება და ღია მეცნიერების პრინციპების დანერგვა. ეროვნ. სამეცნ. ბ–კა საქართველოში ღია მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და ხელშემწყობი ინსტიტუციაა. იგი არის ევროპის სამეცნ. ბ–კების ასოციაციის (LIBER) წევრი. ესბ-ის თანამონაწილეობით, თსუ–ის გამომცემლობის სტამბაში გამოიცა  14 ბიობლიოგრაფიული ნაშრომი (2011-2020). ესბ მოიცავს სამ კორპუსს. ესბ I კორპუსი (თბილისი, მ. ალექსიძის ქ., II შეს., №3) — ყოფილი საქართვ. მეცნ. აკადემიის ცენტრ. სამეცნ. ბ–კის შენობაა, რომლის პროექტირება დაიწყო არქიტექტორებმა გ. ლეჟავამ და ი. ლიბერმანმა (1970). ეს იყო საქართველოში სპეციალურად ბ–კისთვის დაპროექტებული პირველი შენობა. I კორპუსში დაცულია ქართვ. მეცნ. და საზ. მოღვაწეების პირადი ბ–კები, იშვიათი და რარიტეტული გამოცემები, მათ შორის უნიკალური ეგზემპლარებიც. ფონდში ინახება  საერთაშ. მნიშვნელობის მასალებიც: ვატიკანის სამოციქულო ბ–კიდან მიღებულია ვირჯილიო კორბოს ნაშრომი, რომელშიც აღწერილია V–VI სს. ქართ. მონასტრის არქეოლ. ნაშთები; ოქსფორდის უნ-ტიდან — X ს. ხელნაწერის, ე. წ. ბერთის სახარების, მიკროფილმი; აშშ-ის კონგრესის ბ–კიდან — IX–XI სს. სინური და იერუსალიმური ქართ. ხელნაწერების მიკროფილმები. ბ–კის ფონდში წარმოდგენილია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ყველა ქართ. გამოცემა და უცხოენოვანი თარგმანი, XVIII–XIX სს. გამოცემული უნიკალური ქართ. წიგნები, აგრეთვე პირველი ქართ. პერიოდული გამოცემების სრული კოლექცია. ესბ II კორპუსი (თბილისი, მ. კოსტავას ქ., №45/57) — ყოფილი საქართვ. სსრ მინისტრთა საბჭოს მეცნ. და ტექ. კომიტეტთან არსებული სამეცნ.-ტექ. ბ–კა (1965) საქართვ. მეცნ. აკადემიის ცენტრ. სამეცნ. ბ–კასთან ერთად, შევიდა ეროვნ. სამეცნ. ბ–კის შემადგენლობაში (2006). II კორპუსი წარმოადგენს საქართველოში ტექ. პროფილის ერთადერთ უნივერსალურ სამეცნ. ბ–კას. მისი ფონდი მოიცავს 21 მლნ-მდე საცავ ერთეულს, რომელთა უმეტესი ნაწილი საპატენტო და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციაა. ბიბლიოთეკაში დაცულია მსოფლიოს 63 ქვეყნის საპატენტო დოკუმენტაციის ერთ-ერთი ყველაზე სრული კოლექცია, მათ შორის საქართვ. პატენტების აღწერილობები გამოგონებებსა და სასარგებლო მოდელებზე, სტანდარტები, ტექ. პირობები, სამრეწვ. კატალოგები და სპეციალიზებული პერიოდული გამოცემები. საპატენტო რეფერატული და ბიბლიოგრ. ბიულეტენები მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ევროპის საპატენტო უწყების (EPO), აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (OAPI) და ბრიტანული საინფორმაციო კომპანია Derwent-ის დოკუმენტაციას. II კორპუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულია ნორმატიულ-ტექ. დოკუმენტაციის განყ–ბა, რომლის ფონდი აერთიანებს საქართვ., საერთაშ. და სხვადასხვა ქვეყნის სახელმწ. სტანდარტებს, ტექ. პირობებსა და სამრეწვ. კატალოგებს. ესბ III კორპ. (ალგეთის ქ. N1) - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა - მუზეუმი.