ენუქაშვილი რუბენ
ენუქაშვილი რუბენ

ენუქაშვილი რუბენ (რეუვენ ენოხი) (1946, ქ. ქუთაისი — 14. VII. 2023), ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის  ქართველურ ენათა განყ-ბა და იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში ძვ. ქართ. ენის სპეციალობით (1969). იყო აკად. ვარლამ თოფურიას სახ. სტიპენდიატი და ფილოლ. ფაკ-ტის სტუდენტთა სამეცნ. საბჭოს თავმჯდომარე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1974). ე. რ. მუშაობდა პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში, როგორც ლექტორი (1970-დან). იყო თსუ-ის ძვ. ქართ. ენის კათედრის დოცენტი (1975-დან). ფილოლ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1980-1992). თსუ-ში მუშაობის დროს იგი გახდა ძვ. ქართ. ენის, ძირითადად კი ბიბლიური წიგნების მკვლევარი, გამოაქვეყნა რამდენიმე სამეცნ. ნაშრომი მათი ლექსიკის შესახებ. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა „ახალი აღთქმის წიგნთა (სამოციქულოს) ძველი ქართული ვერსიების სიმფონია-ლექსიკონი“, რ-იც ლ. ბარამიძესა და თ. მეტრეველთან ერთად დასაბეჭდად გაამზადა ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრების დროს. ეს წიგნი საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ლოცვა-კურთხევითა და ხელშეწყობით და თსუ-ის ეგიდით გამოიცა (2009). ე. რ. მუშაობდა ძვ. ქართ. ტექსტების გამოცემაზეც, კერძოდ, იგი მონაწილეობას იღებდა „უდაბნოს მრავალთავის“ გამოცემაში, საყურადღებოა მისი  ნაშრომები „ვეფხისტყაოსნის“ ენის საკითხებზე, ქართ. ზმნის აგებულების შესახებ და სხვ. აღსანიშნავია სტატიები ხანმეტობის, აგრეთვე სტატიკური ზმნების შესახებ. ე. რ.-მა საქართველოშივე დაიწყო ქართვ. ებრაელთა სამეტყველო ენის შესწავლა და გამოაქვეყნა პირველი სამეცნ. მოხსენებები ქართვ. ებრაელთა მეტყველების შესახებ (1986-1989). მან ისრაელში ინტენსიურად განაგრძო ამ სფეროში სამეცნ. მუშაობა და ისრაელისა თუ საზღვარგარეთის პრესტიჟულ სამეცნ. ჟურნალებში გამოაქვეყნა სტატიები ქართვ. ებრაელთა მეტყველების შესახებ. ჟურნ. „გეორგიკაში“ გამოაქვეყნა სტატია ქართ. ზმნის პირიანობის აღნიშვნის თაობაზე ქართვ. ებრაელთა მეტყველების მაგალითზე, რ-შიც სრულიად ახლებურად არის დაყენებული ქართ. ზმნაში პირების აღნიშვნის შესაძლებლობათა საკითხი. ე. რ.-ის სამეცნ. ინტერესების კიდევ ერთი სფერო იყო  საქართვ. და კავკასიის თანამედროვე ისტ. და ქართ. სიონიზმის ისტ. საკითხები. სამხრ. ოსეთის ამბებთან დაკავშირებით საქართვ-ში ატეხილი ომის წინაპირობათა შესახებ ე. რ.-მა ისრაელში ინგლ. ენაზე გამომავალ პოლიტოლოგიურ ჟურნალში გამოაქვეყნა აქტუალური სამეცნ. ნაშრომი, რ-მაც გამოიწვია ინტერესი და გამოხმაურება ამერ. პოლიტოლოგთა მხრივ. ე.რ. ისრაელში წასვლის შემდეგაც რეგულარულად მოღვაწეობდა საქართველოში ბოლო წლებში გამართულ თითქმის ყველა საერთაშ. ფილოლ. თუ საენათმეცნიერო კონფერენციაში (თსუ-ში, ენათმეცნ. ინს-ტში, ბათუმის უნ-ტში და სხვ.). იგი აქტიური მონაწილე იყო აგრეთვე საზღვარგარეთ გამართული ქართველოლოგიური კონფერენციებისა (ლაიდენში, მაინის ფრანკფურტში და სხვ.). დიდი ყურადღება მიიპყრო იერუსალიმის უნ-ტში გამართულმა საერთაშ. სემინარმა, სადაც წაიკითხა მოხსენება ქართ. კინოხელოვნებაში საქართვ. წინა საუკუნის ისტ. მოვლენათა ასახვის შესახებ თეიმურაზ აბულაძის „მონანიების“ მიხედვით (შემდეგ ეს მოხსენება სტატიის სახით გამოქვეყნდა ივრითზე ისრაელის ერთ-ერთ სამეცნ.-სალიტ. ჟურნალში). წლების განმავლობაში იგი გახლდათ ისრაელის ქართულენოვან ჟურნ. „დროშის“ მთ. რედ.. ცალკე უნდა გამოიყოს მთარგმნელობითი მოღვაწეობა. პროფ. ორციონ ბართანასთან ერთად გამოსცა კრებული გალაკტიონ ტაბიძის ლექსების თარგმანებისა ივრითზე (საქართვ. ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანადგომით). მათვე ისრაელის წამყვან ლიტ. ჟურნალში გამოაქვეყნეს ლია სტურუას რამდენიმე ლექსის თარგმანი. თბილისში გამოიცა მის მიერ თარგმნილი ორციონ ბართანას ვრცელი მოთხრობა „დაფარული შუქი“, ისრაელში კი ქართ. ენაზე დაისტამბა ვრცელი შესავალი ამავე ავტორის წიგნისა ებრ. ლიტერატურის შესახებ „საუკუნეთა მიჯნაზე“. რეუვენ ენოხი (რუბენ ენუქაშვილის) ისრაელში შეიყვანეს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მეცნ. ასეულში (2010) და მისი მეცნ. ბიოგრაფია შეიტანეს სპეც. წიგნში, რ-იც ამ მეცნიერთა პატივსაცემად გამოიცა. იგი იყო ისრაელის ქ. არიელის საუნივერსიტეტო ცენტრის პროფესორი და ისრაელის სახელმწ. რადიო „კოლ ისრაელის“ („ისრაელის ხმის“) ქართულენოვან რადიოგადაცემათა რედაქციის ხელმძღვ. მას რეუვენ ენოხად იხსენიებდნენ (1992-დან). მას მიღებული აქვს ივანე მაჩაბლის სახ. პრემია
ქართ. მწერლობის თარგმანისა და პოპულარიზაციისთვის ებრ. ენაზე და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, გადასცეს ღირსების ორდენი ქართვ. და ებრ. ხალხებს შორის სამეცნ.-კულტ. და მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, ქართ. კულტ. პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი სამეცნ., მთარგმნელობითი და საზ-ბრივი მოღვაწეობისათვის (2003).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ენუქაშვილი, რ. (1973). საშუალი გვარის ზმნები ძველ ქართულში. უნ-ტის გამ-ბა; ენუქაშვილი, რ. (2009). ქართული სამოციქულოს სიმფონია-ლექსიკონი. თბილ. უნ-ტის გამ-ბა.