ებრალიძე თამარ რევაზის ასული
ებრალიძე თამარ რევაზის ასული

ებრალიძე თამარ რევაზის ასული (01. I. 1958, ლანჩხუთი), იურისტი. თსუ-ის თ. წერეთლის სახ. სახელმწიფოსა და სამართ. ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2025), საქართვ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით (1979) და მუშაობს თსუ-ის სახელმწიფოსა და სამართ. ინ-ტში (ადრე: საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონ. და სამართ. ინ-ტი). აქ მომზადდა მისი საკანდიდატო დისერტაცია „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არასრულწლოვნის დანაშაულებრივ და სხვა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმისათვის“, პროფ.-თინათინ წერეთლის, შემდეგ კი ოთარ გამყრელიძის ხელმძღვანელობით. ე. თ.-ის ინტერესთა სფერო მოიცავს სისხლის სამართ. როგორც ზოგად,  ასევე კერძო ნაწილის პრობლემებს. რამდენიმე ნაშრომი მიეძღვნა დანაშაულში თანამონაწილეობის პრობლემებს, კერძოდ წამქეზებლის ქმედების სისხლისსამართლებრივ ანალიზს. ე. თ.-მა განავითარა პროფ. ო. გამყრელიძის თვალსაზრისი და დაასაბუთა, რომ როდესაც წამქეზებელი ხელყოფს ამსრულებლის პიროვნებას, მისი ქმედება თანამონაწილეობის (ან თუნდაც შუალობითი ამსრულებლობის) ფარგლებში ვერ თავსდება და ახალ უმართლობას აფუძნებს. ამიტომ, წამქეზებელმა კოდექსის სპეციალური მუხლითაც უნდა აგოს პასუხი, ამ კუთხით მისი ნაშრომებია: „წამქეზებლობის სამართლებრივი ბუნების საკითხისათვის“ (2006); „წამქეზებელი წაქეზებულის წინააღმდეგ“ (2006). წლების განმავლობაში იკვლევდა დანაშაულის პროვოკაციის პრობლემას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიერ  დანაშაულის ხელოვნურად გამოწვევას,  პროვოცირებული პირის დანაშაულის ფაქტზე მხილების მიზნით. ე. თ. ასაბუთებდა, რომ როგორიც არ უნდა იყოს მოტივი, რ-ითაც ხელმძღვანელობდა აგენტი-პროვოკატორი, მისი ქმედება მიუღებელია სამართლებრივი სახელმწიფოსათვის და წარმოადგენს არა მხილებას, არამედ ცდუნებას. მან შეიმუშავა  დანაშაულის პროვოკაციისა და მართლზომიერი ოპერატიული ექსპერიმენტის გამიჯვნის კრიტერიუმები: „დანაშაულის პროვოკაცია“ (2016); „სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი:  დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ: (საქ. სისხლის სამართლის კოდექსის თავი  XXII-XXIV)“ (2008). სახელმწიფოსა და სამართ. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად თ. ე.-მ შეისწავლა სასამართლო პრაქტიკა სხვადასხვა კატეგორიის საქმეებზე და შეიმუშავა რეკომენდაციები მასში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. კვლევის შედეგები გამოქვენდა მონოგრაფიების სახით (სულ ოთხი მონოგაფია) და დიდ დახმარებას უწევს პრაქტიკოს იურისტებს  შემთხვევათა სწორი კვალიფიკაციის თვალსაზრისით. კორუფციის კრიმინოლოგიური ასპექტებისგან განსხვავებით, კორუფციულ  დანაშაულთა იურიდიულ  დახასიათებას ნაკლები ყურადღება ეთმობა მეცნიერ იურისტთა მიერ. ეს კი სირთულეებს იწვევს სასამართლო პრაქტიკაში ქმედებათა კვალიფიკაციისას. ე. თ.-მა კორუფციულ დანაშაულთა სისხლის სამართლებრივ ანალიზს ათამდე  ნაშრომი მიუძღვნა, რაც ნაწილობრივ ავსებს ხსენებულ ხარვეზს: კანონით „აკრძალული საჩუქრის მიღება“ (2011); „მექრთამეობის ისტორიული და სამართლებრივი ასპექტები“ (2019); „არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში თუ ტრეფიკინგი?“ (2019); „მოხელის მიერ „უპირატესობის მიღების“ ცნება სამოხელეო დანაშაულებში“ (2022); „კორუფციასთან ბრძოლის ევროპული კონვენცია და ქართული ანტიკორუფციული კანონმდებლობის რამდენიმე პრობლემური საკითხი: (2024).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ებრალიძე, თ. (თანაავტორი). (2004). სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი: ეკონომიკური დანაშაული. თბ., მერიდიანი, ISBN:  9992832347; ებრალიძე, თ. (თანაავტორი). (2008). სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი:  დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ: (საქ. სისხლის სამართლის კოდექსის თავი  XXII-XXIV). თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941100819; ებრალიძე, თ. (თანაავტორი). (2011). კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი. თბ., ISBN:  9789941012709.