-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ებრალიძე ქეთევან გოდერძის ასული (18.VIII.1964, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1986) და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ასპირანტურა (1993). ქიმიის მეცნ. კანდ. სპეციალობით ბიოორგანული ქიმია, ბუნებრივი და ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმია (2001). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი ამიდოალდეჰიდური მრავალკომპონენტიანი დრაჟირებული პოლიმერული კომპოზიციების მიღება და გამოყენება “ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2001). სხვადასხვა დროს იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორ. მეცნ. თანამშრომელი (1998-2003), უფრ. მეციერ-თანამშრომელი (2003-2006) და სამეცნ.-საორგანიზაციო განყ-ბის გამგე, მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006 - 2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი დირექტორის მოადგილე (2010-2017), დირექტორი (2018-დან). ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2006-დან). ქ. ე.-ს შრომები ეხება მცენარეული მატრიცებიდან, მათ შორის აგროსამრეწველო ნარჩენებიდან სხვადასხვა ძვირადღირებული პროდუქტების-ეთერზეთების, ფენოლური ნაერთების, პიგმენტებისა და ზეთების ექსტრაჰირების ხერხების შემუშავებას თანამედროვე მეთოდების (სუპერკრიტიკული ფლუიდებით ექსტრაჰირება (სკფე), ულტრაბგერითი და მიკროტალღური გამოსხივებით ექსტრაჰირება) გამოყენებით. თანაავტორია მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციების, მათ შორის აღსანიშნავია: „Extraction and Analysis of the Major Carotenoids of Agro-Industrial Waste Materials Using Sequential Extraction Techniques and High Performance Liquid Chromatography“ (Eurasian Journal of Analytical Chemistry, 2018, 13(2)) და „Extraction and analysis of oleanolic acid and ursolic acid from apple processing waste materials using ultrasound-assisted extraction technique combined with high performance liquid chromatography“, (Revue Roumaine De Chimie, 2020, 65(10), 919–928), მონოგრაფიების და მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ურსოლის მჟავის მიღების ხერხი“; „ანტოციანინების მიღების ხერხი“; „კვერცეტინის მიღების ხერხი“; „ბუნებრივი სორბენტის მიღების ხერხი“; „ალუმინით პლაკირებული კომპოზიციების მიღების ქიმიური ხერხი“ და სხვ. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების და საერთაშ. (ISTC, STCU, CRDF) და ეროვნ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტების: „ვაზის მავნებლების საწინააღმდეგო ეკოლოგიურად უსაფრთხო კომპოზიციის შემუშავება“; „აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ურსოლის, ოლეანოლის, ბეტულინის მჟავების მიღება. მათი დერივატების სინთეზი და ბიოლოგიური აქტივობის შეფასება“; „აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საკვები საღებავების ექსტრაქცია და ანალიზი“. იყო საქართვ. დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნ. რეესტრის (PRTR) შემუშავების საკოორდინაციო ჯგუფის წევრი (2009-2012), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ექსპერტი (2021-დან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ჟურნ. “მაცნეს” ქიმიის სერიის სარედაქციო კომისიის მდივანი (2011-2017). ე. ქ. მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭ. სამხ. ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში (2002-2008). მიღებული აქვს თსუ-ის მედალი (2016), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის რ. აგლაძის სახელობითი აკად. პრემია ნაშრომთა ციკლისათვის „აგროსამრეწველო ნარჩენების გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები“ (2021) და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი (2024).
თხზ. : Ebralidze, K. (თანაავტორი). (2018). Extraction of valuable products from agroindustrial waste materials. Lambert Academic Publishing. ISBN: 9786139906963; ებრალიძე, ქ. (თანაავტორი). (2014). პროლონგირებული აზოტოვანი სასუქების მიღება და გამოყენება სოფლის მეურნეობაში. შპს „პოლიგრაფმაქსი“. ISBN 9789941088344; ებრალიძე, ქ. (თანაავტორი). (2014). კარდული ტიპის დიოლები და პოლიურეთანები მათ საფუძველზე. თბ. „უნივერსალი“, ISBN 9789941224157.