ძიგვაშვილი რომან მელიტონის ძე (15. XII. 1918, სოფ. ზედაციხესულორი-05. IV. 2017, თბილისი). უგამოცდოდ ჩაირიცხა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე (1936). მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში (1942-1945). ომიდან დაბრუნების შემდეგ დაამთავრა აღნიშნული უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი, სპეციალობით „ასტრონომია“ და სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში (1949); დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ვარსკვლავთა გალაქტიკური ორბიტებისა და ვარსკვლავთა მოძრაობის ზოგიერთი კანონზომიერების საკითხები“ (1954); კითხულობდა ლექციებს თსუ-ის ასტრონომიის სპეციალობის სტუდენტებთან „ვარსკვლავთა დინამიკის“ საკითხებზე (1954-დან); ასევე აგრძელებდა კვლევებს ვარსკვლავთა სისტემის დინამიკაში, რამაც ასახვა ჰპოვა გამოჩენილი რუსი მეცნიერის კ. ფ. ოგოროდნიკოვის და სხვათა მონოგრაფიებში; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორიულ გამოკვლევათა განყ-ბას, რ-ის კვლევის საგანს წარმოადგენდა გალაქტიკის ვარსკვლავთა ღია და სფერული გროვების კინემატიკისა და დინამიკის საკითხები, მასების განაწილების მოდელები, გრავიტაციული პოტენციალი და გალაქტიკის ბრუნვის მრუდი, რაც საინტერესო და საგულისხმო ამოცანებს უყენებდა იმ დროის მკვლევარებს; იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი: “Test of the hypothesis of circular motion of interstellar clouds” (Astrophysics, 2000, Volume 43, Issue 2); “On the Precursor Star of the Pulsar in the Crab Nebula”, (Astrophysics (English translation of Astrofizika), 2001, v. 44, Issue 4); “On the Characteristic and Dynamic Ages of Pulsars” (Astrophysics (English translation of Astrofizika), 2004, v. 47, Issue 1); საერთაშ. ასტრონომიული საზოგადოების წევრი და ნაყოფიერად მუშაობდა კომისიაში, რომელიც იკვლევს გალაქტიკის აგებულებასა და განვითარების საკითხებს. მას ჰყავდა მოწაფეები, მათ შორის რამდენიმე მეცნ. დოქტორი. ნაყოფიერი სამეც. მუშაობისათვის დაჯილდოვებულია საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.