-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ძიძიგური შოთა ვარლამის ძე (15. VIII. 1911, სოფ. მათხოჯი, ხონის მუნიციპალიტეტი — 14. XII. 1994. თბილისი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. პირველი ხარისხის ატესტატით დაამთავრა თბილ. მე-15 შრომის სკოლა და შევიდა თსუ-ის პედ. ფაკ-ტის სიტყვიერების დარგზე (1927), ხოლო მომდევნო წლიდან პარალელურად სწავლობდა საენათმეცნიერო დარგზეც, სადაც მას ასწავლიდნენ: აკაკი შანიძე და გიორგი ახვლედიანი. ძ.შ. სტუდენტობის დროიდანვე ჩაერთო სამეცნ. მუშაობაში. მან დაასრულა თსუ (1930) და მიავლინეს ქ. ლენინგრადში სსრკ მეცნ. აკად. ასპირანტურაში (1931), რ-ის სრული კურსი გაიარა ნიკო მარის, იური მეშჩანინოვის, ლევ შჩერბასა და კარპეზ დონდუას ხელმძღვანელობით. ასპირანტურაში სწავლის დროს ლენინგრადში კითხულობდა ქართ. ენის კურსს ასპირანტებისათვის (1933-1935). დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „ქართული დიალექტების კლასიფიკაციის ცდა“ (1935). ძ. შ. დაბრუნდა საქართვ-ში (1936) და დაიწყო მუშაობა თსუ-ში ქართ. ენის კათედრის დოცენტად და სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად. ლექციებს კითხულობდა საქართვ. სხვადასხვა პედ. ინ-ტში, მუშაობდა აკად. სამეცნ. პროპაგანდის განყ-ბის გამგედ და ჟურნ. „მნათობის“ მეცნიერ. განყ-ბის გამგედ. დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „კავშირები ქართულ ენაში“ და მოიპოვა ფილოლ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1962). მიენიჭა პროფესორის წოდება (1963) და იმავე წელს აირჩიეს ა. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრის გამგედ. იგი განაგებდა თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრას (1967-1983) და სიცოცხლის ბოლომდე ამ კათედრის პროფესორი იყო. აირჩიეს საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1971), შემდგომ — ნამდვილ წევრად (1974). იმავე წლიდან იყო აკად. პრეზიდიუმის წევრი და ენისა და ლიტ-რის განყ-ბის აკად.-მდივანი. წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა ენათმეცნ. დარგში სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელ სპეციალიზებულ საბჭოს თსუ-ში, საქართვ. ისტ. წყაროების კომისიას, ბასკური ენისა და კულტ. საზ-ბას. იგი იყო თსუ-ისა და იენის უნ-ტის ერთობლივი სამეცნ. ჟურნ. „გეორგიკის“ რედაქტორი, საქართვ. მეცნ. აკად. გამომავალი ჟურნ-ების „იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების“ წელიწდეულისა და „მაცნეს“ (ენისა და ლიტ-რის სერიის) რედაქტორის მოადგილე, ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის რედკოლეგიის წევრი, „ვეფხისტყაოსნის“ აკად. ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი, საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი და სხვ. მას მიანიჭეს აკად. ივ. ჯავახიშვილის მედალი, აკად. სერგეი ვავილოვის მედალი და ა. შ. ძ. შ. ავტორია 400-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა, რ-თა შორის 30-ზე მეტი ცალკე წიგნადაა გამოცემული. იგი განიხილავდა ქართ. ენის გრამატიკას, ისტ., დიალექტოლოგიას, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიას, ონომასტიკას, ზოგადი ენათმეცნ., ფოლკლორისტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებს.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ძიძიგური, შ. (1954). ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან. სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა; ძიძიგური, შ. (1956). ქართული დიალექტების ქრესტომათია ლექსიკონითურთ. სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა; ძიძიგური, შ. (1965). ნიკო მარი — ქართული კულტურის მკვლევარი. ნაკადული; ძიძიგური, შ. (1973). კავშირები ქართულ ენაში. უნივერსიტეტის გამომცემლობა; ძიძიგური, შ. (1982). ბასკები და ქართველები. საბჭოთა საქართველო, ძიძიგური, შ. (1989). რთული წინადადების პრობლემა ქართულ ენაში, კავშირებისა და საკავშირებელი სიტყვების საფუძველზე. მეცნიერება.