-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ძებისაური ლია ილიას ასული (28.I.1978, თბილისი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის ეკონ. და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტი სტატისტიკის სპეციალობით (1995-1999), მაგისტრატურა (1999-2001), დოქტორანტურა (2012), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების სტატისტიკური შესწავლა“ (2012) და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემ. ხარისხი. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე (2002-2010). ხელმძღვანელობდა არაერთ საერთაშ. პროექტს. პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ში იწყებს ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე რ–ც მოწვეული ლექტორი (2010). არის თსუ-ის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტის, ეკონომ. და სოციალ. სტატისტიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2021-2022), ხოლო შემდეგ ასოცირებული პროფესორი (2023–დან). ძ.ლ. ფაკ-ტის ეკონომ. პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის და ფაკ-ტის საბჭოს წევრია (2019). ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნ–ტებში. დღემდე საქმიანობს საქართვ. ეროვნულ ბანკში, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტ. საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის განყ-ბაში (2023–დან). აქვს სახელმწ. უწყებებთან და საერთაშ. ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება. იყო საქართვ. ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტროში ტურიზმის სტატისტიკის უწყებათაშორისი კომისიის თავ-რის მოადგილე. საქართვ. ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის წევრი. საქართვ. და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების II რაუნდში საქართვ. დელეგაციის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი. საქართვ. და სხვა ქვეყნებს შორის (ევროპ. და აზიის 16 ქვეყნის) სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის წევრი და ექსპერტი. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების საკოორდინაციო უწყებათაშორისი ქვეკომისიის წევრი. გაეროს ევროპის ეკონ. კომისიის (UNECE) გარემოს სტატისტიკის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრი. საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართვ. სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი(2010-2023). ააიპ „პი ემ სი კვლევითი ცენტრი“-ს და შპს „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი“–ს ექსპერტი და კონსულტანტი. არის საერთაშ. სავალუტო ფონდის საგარეო სექტორის სტატისტიკის ექსპერტ-მრჩეველი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნების ტექ. დახმარების მისიებში (2022–დან). დღემდე არის ევროსტატის საგადასახდელო ბალანსის სამუშაო ჯგუფის წევრი, ექსპერტი (2023–დან). ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2025). გამოაქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მონაწილეობდა 40-ზე მეტ საერთაშ. სემინარში, საგრანტო მიზნობრივ სამეცნ.-კვლევით პროექტებში. მიღებული აქვს დიპლომები საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობისათვის.
თხზ.: ძებისაური, ლ. (2012). საქართველოს საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების სტატისტიკური შესწავლა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ძებისაური, ლ. (მთარგმნელი). (2014). სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ძებისაური, ლ. (თანაავტორი). (2020, 2021). ქალი და კაცი საქართველოში, სტატისტიკური პუბლიკაცია. თბ., სტატისტიკის ეროვნ. სამსახური.