- კატეგორიები: პედაგოგი ენათმეცნიერი
დონდუა კარპეზ დარისპანის ძე (13. X. 1891, ქ. ქუთაისი — 3. XI. 1951, ქ. პეტერბურგი. დაკრძალულია სერაფიმოვოს სასაფლაოზე), ენათმეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა პეტროგრადის უნ-ტი (1922) და ამავე უნ-ტში ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწებას (1922-დან). მუშაობდა თბილისში, საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტსა და თსუ-ში (1941-1945). იგი იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს, ზოგად ენათმეცნ. პრობლემებს. მის საენათმეცნიერო შრომათაგან აღსანიშნავია: „ემფათიკური ნათესაობითის საკითხისათვის ძველ სალიტერატურო ქართულში“ (რუს. ენაზე, 1930), „ქართული ბრუნების აგლუტინაციური ხასიათის შესახებ“(რუს. ენაზე, 1931), „მრავლობითობის ორი სუფიქსის შესახებ ქართულში“ (რუს. ენაზე, 1932), „ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის შესახებ სვანურში და კვალი ძველ ქართულში“ (რუს. ენაზე, 1938), „შედარებით-აღმატებითი ხარისხის ფორმის გენეზისისათვის ქართველურ ენებში“ (რუს. ენაზე, 1940), „გრამატიკული უარყოფა როგორც ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემა“ (რუს. ენაზე, 1948), „ქართული ენის მესხური კილო“ (რუს. ენაზე, 1967). ყურადღებას იმსახურებს მისი კვლევები რუსთველოლოგიაში, მის ნაშრომებში: „ამირანდარეჯანიანი“ (რუს. ენაზე, 1937), „შოთა რუსთაველი და ქართული ლიტერატურა“ (რუს. ენაზე, 1938), „კიდევ ერთხელ რუსთაველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ“ (რუს. ენაზე, 1940), „ვეფხიტყაოსნის ერთი შესავალი სტროფის ლინგვისტური ანალიზისათვის“ (1943) გაშუქებულია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების, აგრეთვე მისი ეპოქის ქართ. კულტურის საკითხები. დ. კ. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტოი (1935), პროფესორი (1940). იგი იყო საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1944-დან).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): დონდუა, კ. (1967). რჩეული ნაშრომები, ტ. 1. მეცნიერება.