დოლიძე მალხაზ გურამის ძე
დოლიძე მალხაზ გურამის ძე

დოლიძე მალხაზ გურამის ძე (10.III.1962, თბილისი-03.XI.1992, სოფ. ახალშენი), ფიზიკოსი. დაამთავრა ვ. კომაროვის სახ. ფიზ. მათ. სკოლა (1978) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1983). თსუ-ის დამთავრებისთანავე დ. მ. გაგზავნილ იქნა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი) მიმდინარე ექსპერიმენტებში მუშაობის გამოცდილების შესაძენად (1983-86). დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1986-დან); მიენიჭა ფიზ. მათ, მეცნ. კანდ. აკად. ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომზე „Процессы взаимодействия адронов с ядрами и проблема релятивизации воловых функции легких ядер“ (1990). დ. მ. სამეცნ. საქმიანობასთან ერთად, კითხულობდა ლექციებს თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე; მონაწილეობდა საერთაშ. თანამშრომლობებში; სხვადასხვა პერიოდულობით, სამეცნ. მივლინებებით იმყოფებოდა JINR-ში; მონაწილეობდა სამეცნ. ღონისძიებებში (ISHEPP-International Baldin Seminar on High Energy Physics Problems). დ. მ.-ის კვლევების ძირითადი სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, კერძოდ რელატივისტური ბირთვული ფიზიკა და კვანტური ქრომოდინამიკა (QCD); იყო 10-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ-რეიტინგულ საერთაშ. ჟურნ. და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Enhancements Observed in the Two Proton Invariant Mass Distribution in the Pionless Deuteron Breakup at 3.3-GeV/c“ (Z.Phys.A 325, 391, 1986); „POLARIZATION PHENOMENA IN REACTIONS OF DEUTERON STRIPPING TYPE“ (Sov.J.Nucl.Phys. 50, 752-753, 1989); „Interaction of Relativistic Deuterons With Nucleons“ (Z.Phys.A 335, 95-100, 1990). აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დ. მ მონაწილეობდა სამხ. ტექნიკის გორისკენ ტრანსპორტირებაში; წავიდა მოხალისედ და ფოთის გავლით ჩავიდა სოხუმში; მეორე დღესვე იყო 101-ე ბატალიონის მე-2 ასეულის შემადგენლობაში და თანამებრძოლებთან ერთად დაიკავა პოზიცია მდინარე გუმისთის ხეობაში სოფ. ახალშენთან; იყო რადისტი-მეკავშირე, საქართვ. ტერიტ. მთლიანობისათვის თავდადებული მებრძოლი აფხაზეთის ომში. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და მამაცობისთვის დ. მ.-ს მიენიჭა საქართვ. გმირის წოდება და დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ლიტ.:  უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწ. 1.თბ.,1996, გვ.48-50.