დოლაბერიძე ნანული მიხეილის ასული
დოლაბერიძე ნანული მიხეილის ასული

დოლაბერიძე ნანული მიხეილის ასული (18.XI.1940,  ქუთაისი), ქიმიკოსი, პროფესორი. დაამთავრა სპი-ის ქიმიისა და ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტი (1965) არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის სპეციალობით; ქიმიის მეცნ. კანდ. (1985). დაიცვა დისერტაცია თემაზე:„ალუმინსილიკატურ სისტემებში მიმდინარე ცეოლითწარმოქმნის და იონმიმოცვლითი პროცესები“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. დოქტორის ხარისხი (1999). დ. ნ. არის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1966-1988); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1988-2000); წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და სადისერტაციო საბჭოს წევრი (2000-2006); მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2006-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2010-დან). დ. ნ. იყო ავღანეთის დემოკრ. რესპუბლიკაში ქ. მაზარი-შერიფის აზოტოვანი სასუქების წარმოების ცენტრ. ლაბორ. კონსულტანტი (1979-1981), თბილ. უნ-ტი ”ინტერფარმის” სრული პროფესორი (ზოგადი და არაორგანული ქიმია, 2000-20011). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ნანოგანზომილებიანი წვრილდისპერსული ცეოლითური მასალების მიღება და კვლევა; ახ. სახის ბაქტერიციდული სორბენტების მიღება და კვლევა; ცეოლითური შემავსებლების შექმნის მექანიზმების კვლევა ქაღალდის წარმოებაში გამოყენების მიზნით; მიკროელემენტების შემცველი პროლონგირებადი ქმედების ცეოლითური სასუქების შექმნა და ბუნებრივი ნედლეულის საფუძველზე დიდი იონმიმოცვლის  ტევადობის მქონე სორბენტების მომზადება. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში:„Formation of Highly Dispersed Faujasites in Natural Aluminosilicate Gels“, (Protection of Metals and Physical Chemistry of Surfaces, 2021, 57(2), 329–334); „Properties and Application of Georgian Natural Phillipsite“, (Inzynieria Mineralna, 2024, 53(1), 493–501); „Preparation and Properties of Paper Containing Bactericidal Zeolite Adsorbents“, (Environmental Technology and Sustainability Physical Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024, стр.191–216); „Uptake of Copper and Zinc Ions by Georgian Natural Heulandite and Resulting Changes in Its Chemical Composition and Structure“, (Minerals, 2025, 15(9), 902); და სხვ. მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები:„ბაქტერიციდული ცეოლითშემავსებლიანი ქაღალდის მიღების ხერხი“ და „ცეოლითის მოდიფიცირების ხერხი“. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების და სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტების:„უნივერსალური თვისებების მქონე „დიდი ხუთეულის“ (Big Five) ცეოლითების სინთეზის გზით, ორგანული შაბლონების გარეშე, მიღების მეცნიერული დასაბუთება“; „ბაქტერიციდული და გაუმჯობესებული ზედაპირული თვისებების მქონე ქაღალდის წარმოება“; „ბაქტერიციდული ცეოლითური შემავსებლები ქაღალდის წარმოებაში“; „Scientific substantiation of the possibility of creating new bactericidal zeolite filter materials for purification-decontamination of water from various sources“ და სხვ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია. დ. ნ. არის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ქიმიისა და ქიმ. ტექნოლოგიის განყ-ბის დარგობრივი კომისიის წევრი და ექსპერტი (2020-დან). დაჯილდოებულია:დ. მენდელეევის საზ-ბის საქართვ. ფილიალის პრიზით (1984); აკად. ალ. თვალჭრელიძის სახ. ჯილდოთი (2005); საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს საპატიო დიპლომით (2018); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის გ. ციციშვილის სახ. პრემიით შრომათა ციკლისათვის „ცეოლითების სინთეზი საქართველოს ბუნებრივი ალუმინსილიკატური ნედლეულიდან“ (2018).