დობრინინი ბორის თედორეს ძე (26.V.1885, მინსკი – 4.IX.1951, კიევი) – გეოგრაფი, გეომორფოლოგი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1931). პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის ფიზ-მათემატიკის ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა (1911). იქვე დატოვეს გეოგრ. და ანთროპოლოგიის კათედრაზე საპროფესოროდ მომზადებისათვის დ. ანუჩინის ხელმძღვანელობით. გახდა მოსკოვის უნ-ტის პრივატ-დოცენტი (1916), შემდეგ პროფესორი (1931). ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზ. გეოგრ. კათედრას. შეთავსებით ასწავლიდა მოსკოვის ქალთა უმაღლ. სკოლის კურსებზე (1915). იყო სსრკ მეცნ. აკად. გეოგრ. ინ-ტში განყ-ბის ხელმძღვ. (1934-1939). თბილისში გადმოსვლის შემდეგ დ. ბ. გახდა თსუ-ის ფიზ. ქვეყანათმცოდნეობის კათედრის პროფესორი და გამგე (1942-1950). კათედრის სამეცნ. თემატიკა განისაზღვრებოდა ბუნების ცალკეული კომპონენტებისა და ფიზ.-გეოგრაფიული რეგიონების დახასიათებით. შემდეგ იგი მუშაობას აგრძელებს ტ. შევჩენკოს სახ. კიევის უნ-ტში ფიზ. გეოგრ. კათედრის გამგედ (1950-1951). დ. ბ. ატარებდა საველე-ექსპედიციურ კვლევებს და სწავლობდა სხვადასხვა ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიულ თავისებურებებს (დასავლეთი ევროპა – 1908-1911; რუსეთის ცენტრ. ნაწილი, მექსიკა – 1925, ყირიმი, ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასია და სხვ.). მისი ნაშრომები ეძღვნება ფიზიკური ქვეყანთმცოდნეობის, სანაპირო ზოლის გეომორფოლოგიისა და ლანდშაფტმცოდნეობის თეორიულ საკითხებს. აქვს მთელი რიგი ნაშრომები ევროპის ცალკეული ქვეყნების, ყირიმის, კავკასიის გეოგრაფიაში. იგი უმაღლ. სკოლებისათვის ფიზ. გეოგრაფიის პირველი სახელმღვანელოს ავტორია. დ. ბ. მონაწილეობდა „მსოფლიოს დიდ საბჭოთა ატლასში“ ჩართული კავკასიისა და ყირიმის გეომორფოლოგიური და ფიზ.-გეოგრ. დარაიონების რუკების შედგენაში. დ. ბ.–ს სახელი მიენიჭა ყურესა და მთას კურიის კუნძულებზე, მთას ანტარქტიდაზე, დედოფალ მოდის მიწაზე (1966), ყინულმჭრელ გემს.
თხზ.: Добрынин, Б.Ф.; Крубер, А.А.; Григорьев, С.Г.; Колмогоров, А.И. и др. (1909). Очерки географии России. М.: Польза; Добрынин, Б.Ф. (1928). Ландшафты горного Крыма. М.-Л., «Крым», № 1 (5), вып. 1; Добрынин, Б.Ф. (1929). Геоморфология и ландшафты Керченского полуострова, М.-Л., «Крым», № 1 (9); Добрынин, Б.Ф. (1932). О террасах Восточного Средиземья, «Землеведение», М.-Л., т. XXXIV, вып. 3-4; Добрынин, Б.Ф. (1941, 1948). Физическая география СССР: Европейская часть и Кавказ; Добрынин, Б.Ф. (1948). Физическая география Западной Европы, М.: Учпедгиз; ბოლაშვილი ნ., გორდეზიანი თ., დავითაია ე., დონაძე ც., ელიზბარაშვილი ნ., ლაღიძე ლ., მაჭავარიანი ლ., მგალობლიშვილი ქ., ნანობაშვილი თ., ნიკოლაიშვილი დ., სალუქვაძე ე., სართანია დ., სეფერთელაძე ზ., ტრაპაიძე ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978-9941-13-364-0; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 3, გვ. 600.