დიდებულიძე გოდერძი გიორგის ძე
დიდებულიძე გოდერძი გიორგის ძე

დიდებულიძე გოდერძი გიორგის ძე (9.III.1957, სურამი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით ფიზიკური ჰიდროდინამიკა (1979). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,წრფივი და არაწრფივი შინაგანი გრავიტაციული ტალღები დედამიწის ატმოსფეროში და მათი გავლენა ატმოსფეროს საკუთარ ნათებაზე’’ (1989). მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში: დამხმარე მკვლევრად (1979-1982), უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლად (1983-1992), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1992-2007), მკვლევრად (2007 -2019). ხელმძღვანელობდა ობსერვატორიის დედამიწის ზედა ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორიაში მიმდინარე ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევებს (1999-2019). ავტორია 60-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციებისა და შესრულებული აქვს 100-ზე მეტი საერთ. სამეცნ. მოხსენება. მონაწილეობდა 6 საერთაშ. და 7 ადგილობრივ საგრანტო პროექტებში. ძირითადი კვლევითი საკითხები: ატმ. გრავიტაციული ტალღები და მათი გავლენა ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფენებზე, იონოსფეროს სპორადული სტრუქტურები, ატმ. ტალღების გავლენა ზედა ატმოსფეროს მნათი ფენების ყოფაქცევაზე, ზედა ატმოსფეროსა და იონოსფეროს პარამეტრების გრძელვადიანი ცვლილებები და ტრენდები, კოსმოსური ფაქტორის გავლენა ღრუბელთდაფარვის პროცესზე და შესაბამისად რეგიონალური და გლობალური კლიმატის ცვლილებაზე. მისი მონაწილეობით ნაჩვენები იქნა აბასთუმნის ობსერვატორიიდან დამზერილი მიწისძვრის ოპტიკური მაცნის (ფიშკოვა, 1982) სეისმური წარმოშობის ატმოსფერული გრავიტაციული ტალღების გავრცელებასთან კავშირი. მის სამეცნ. ჯგუფთან ერთად აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან მიღებული ღამის ცის ნათების ინტენსივობის გრძელვადიანი მონაცემებით და ასევე თბილ. იონოსფერული სადგურის მონაცემებით პირველად იქნა დადგენილი კავკასიის რეგიონის ზედა ატმოსფეროში მიმდინარე გლობალური აციების ტენდენცია, რ–იც თანმდევია ქვედა ატმოსფეროში მიმდინარე გლობალური დათბობის. მ.თოდუასთან ერთად, პირველად ნაჩვენები იქნა, აბასთუმანთან ღრუბელთდაფარვის პროცესის მგრძნობიარობა კოსმოსურ ფაქტორზე. მის სამეცნ. ჯგუფის წევრებთან ერთად (გ. დალაქიშვილი, მ. თოდუა, ლ. ტორიაშვილი) შემუშავებული იქნა იონოსფერული სპორადული E(Es) ფენის/ფენების ფორმირების და ლოკალიზაციის ახალი თეორია, რ–იც ხსნის ამ ფენების ფორმირებას როგორც საშუალო განედებზე, ასევე ეკვატორულ რეგიონებში. არის SCOSTEP (Scientific Committee on Solar-Terrestrial Physics) საერთაშ. სამეცნ. პროგრამების პროექტების: PSMOS (Planetary Scale Mesopause Observing System, 2000-2003); CAWSES (Climate and Weather of the Sun-Earth System, 2004-2008); CAWSES-II (Climate and Weather of the Sun-Earth System-II , 2009-20013); VarSITI (Variability of the Sun and Its Terrestrial Impact, 2014 -2018); PRESTO (Predictability of the variable Solar-Terrestrial Coupling, 2020-2024) სამუშაო ჯგუფის წევრი. როცა აღდგენილი იქნა საქართვ. SCOSTEP პროგრამის წევრობის სტატუსი, იგი დანიშნულ იქნა საქართველოში ამ პროგრამის წარმომადგენლად (2017-დან). ამჟამად ილიას უნ-ტის ასოცირებული პროფესორია ატმოსფერო-იონოსფეროს ფიზიკის მიმართულებით და ხელმძღვანელობს ატმოსფერო-იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის კვლევის სამეცნ. ჯგუფს (2007-დან). ხელმძღვანელობს ამ მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. ილიას სახელმწ. უნ-ტში მისი სამეცნ. ჯგუფის ბაზაზე  იქმნება კოსმოსური კვლევების ცენტრის ატმოსფერო-იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის დეპარტ., რ–საც იგი ხელმძღვანელობს (2022-დან). არის საერთაშ. ჟურნ.: Journal of Geophysical Research; Journal of Atmospheric and Solar-Terrestrial Physics; Advances in Space Research; Atmosphere და Remotesensing რეცენზენტი.

თხზ.:Didebulidze, G. G., Fishkova, L.M., Pataraya, A. D., Toroshelidze, T.I. (1990). Proceedings of the Joint Varenna-Abastumani-ESA-Nagoya-Potsdam Workshop on 'PLASMA ASTROPHYSICS' held in Telavi, Georgia, USSR. 4-12 June 1990 (ESA SP-311, August 1990), 321-327); Didebulidze, G. G., Gudadze, N. B.,  Lomidze, L. N., Javakhishvili, G. Sh., Marsagishvili, M. A., Todua, M. (2008). Different long-term trends of the oxygen red 630.0 nm line nightglow intensity as the result of lowering the ionosphere F2 layer. Annales Geophysicae, 21(8), 2069-2080); Didebulidze, G.G., Todua, M. (2016).The inter-annual distribution of cloudless days and nights in Abastumani: coupling with cosmic factors and climate change. Journal of Atmospheric and Solar-Terrestrial Physics  141, pp. 48-55; Didebulidze, G.G.; Dalakishvili, G.; Todua, M.; Toriashvili, L. (2025). The importance of electric field or/and neutral wind in formation and prediction of sporadic E (Es) at the equatorial and mid-latitude regions. Journal of Atmospheric and Solar–Terrestrial Physics 272 106540; Didebulidze, G.G.; Dalakishvili, G.; Todua, M. (2025). The Role of Wind Velocity,Wind Shear, and Electric Fields in the Formation of Sporadic E (Es). Atmosphere, 16, 1002.