-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი მწერალი იურისტი პოლიტიკური მოღვაწე
დიასამიძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე (25.I(6.II).1870, სოფ. საქაშეთი, ახლანდ. გორის მუნიციპ. – 14.III.1960, ნიუ-იორკი), მწერალი, იურისტი, პოლიტ. მოღვაწე, ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი. სწავლობდა თბილ. I ვაჟთა გიმნაზიაში (1881– 1888); დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1892) და დაბრუნდა თბილისში, გახდა ნაფიცი მსაჯული. მუშაობდა ქართ. ენისა და ლიტ-რის პედაგოგად ამიერკავკ. ქალთა ინ-ტში (1894–95); გორის მაზრის თავადაზნაურებმა იგი აირჩიეს თბილ. სათავადაზნაურო საკრებულოს დეპუტატად (1901–1910). დააარსა საკრედიტო ამხანაგობანი სოფ.: ჭრებალოში; საქაშეთსა და ალში (1902–1904), ხოლო თბილისში – შემნახველი სალარო და მებაღეობა-მევენახეობის ამხანაგობა „ალექსანდროული" (1915). იგი იყო რაჭა-ლეჩხუმში მოწყობილი ა. წერეთლის მოგზაურობის ერთ-ერთი მთ. ორგანიზატორი (1912 ზაფხულში). იყო საქართვ. „წითელი ჯვრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მუდმივი წევრი; ,,წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი; დიდი ამაგი დასდო ქართ. ჟურნალისტიკას. რედაქტორობდა და გამოსცემდა საკუთარ ყოველკვირეულ გაზეთს „თემი", ა. წერეთლის თანამშრომლობითა და მონაწილეობით (1911–1915). ასევე იყო რედ. რუს. გაზეთ „რესპუბლიკის" (1917–1918) და ყოველთვიური კულტ.-პოლიტ. დასურათებული ჟურნ. „ბრატსტვოს" (1920), სადაც თანამშრომლობდნენ ე. ლანსერე, ი. შარლემანი, ს. სუდეიკინი (დაიბეჭდა მხოლოდ 2 ნომერი). საკუთარ ქალიშვილთან ერთად დატოვა თბილ. და წავიდა ემიგრაციაში (1921), დასახლდა ბერლინში. იქ დააარსა საგამომც. საზ-ბა „ნაერ ოსტენი". ცნობილ ქართველოლოგ რ. მეკელაინთან ერთად რედაქტორობდა ყოველთვიურ გერმ. ჟურნ. „მორგენლანდს" (1922). ბერლინის უნ-ტმა დ. გ. აირჩია აღმ. ევროპის შემსწავლელი ინ-ტის ნამდვილ წევრად (1936). იგი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ. „კავკასიასთან". ეხმარებოდა კ. ბალმონტს ვეფხისტყაოსნის თარგმნაში (რუს. ენაზე გამოიცა პარიზში, პირველად – 1933). დ. გ. საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში (1952), სადაც, მიუხედავად ხანდაზმულობისა, არ შეუწყვეტია ლიტ. საქმიანობა. ბეჭდავდა საყურადღებო წერილებსა და მოგონებებს იქაურ ქართ. პრესაში („ჩვენი გზა", „კრებული"), იყო ნიუ-იორკის ქართ. სათვისტომოს საპატიო თავ-რე, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს" გამგეობის წევრი და უხუცესი მრჩეველი. დაკრძალულია ნიუ-იორკის ერთ-ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის ეზოში.
ლიტ.: შარაძე გ., გრიგოლ დიასამიძე, წგ.: უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, თბ., 1993, გვ. 186–200; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი - 471-1-16, გვ. 2ა.