-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი ასოცირებული პროფესორი
დესპოტაშვილი მედეა ბუხუტის ასული (29.X.1976), ფსიქოლოგი. თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი და პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი. ასწავლის ფსიქოლოგიას სხვადასხვა ქართ. უნ-ტში (2003-დან). დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,ეთნიკური სტერეოტიპები: მათი დინამიკა და შეცვლის ფაქტორები”, მოიპოვა სოც. ფსიქოლ. დოქტორის ხარისხი (2006), დ. მ. არის სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი და სერტიფიცირებული წყვილების თერაპევტი. გავლილი აქვს ფსიქოპათოლოგიებთან მუშაობის და სუპერვიზიის პროგრამები იტალ. გეშტალტის ინ-ტში, ორწლიანი სპეციალიზაცია წყვილების თერაპიაში ბუდაპეშტის გეშტალტის ცენტრში, პროგრამის - “გეშტალტური ინტეგრატიული მიდგომა წყვილების თერაპიაში” ფარგლებში. მისი პრაქტ. საქმიანობა მოიცავს ინდივიდ., წყვილების და ჯგუფურ თერაპიას, ემყარება ჰუმანისტურ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ მიდგომებს. მისი სამეცნ. ინტერესები მოიცავს აკულტურაციას, სიძულვილის ენას, კონფლიქტების მოგვარებას, კულტ. იდენტობას, აგრესიულობაზე მედიაგავლენას და პოლიტ. ფსიქოლოგიას. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სოც. ფსიქოლ., პოლიტ. ფსიქოლ. და კროსკულტურული ფსიქოლ. სფეროებში. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციებში. მისი გამოსვლები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სიძულვილის ენა და საარჩევნო ქცევა (ISPP, ICAP, 2014); კულტურული ასიმილაცია (IACCP, ECP, 2014–2017) და ტრავმა სოც. ფსიქოლოგიაში (EAGT, 2023; ECP, 2024). ასევე ჩართულია მშვიდობის განათლებასა და მედიაციის პრაქტიკის განვითარებაში საგანმან. დაწესებულებებში. არის თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვ. მოადგილე და სუპერვიზორი (2022), სადაც ხელს უწყობს სტუდენტთა ფსიქ. ჯანმრთელობასა და პროფ. განვითარებას.