-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი მწერალი პუბლიცისტი საზოგადო მოღვაწე
დეკანოზიშვილი ანდრია დიმიტრის ძე (1867, რუისი, გორის მაზრა - 1955, უვიზის სასაფლაო, საფრანგეთი), მწერალი, პუბლიცისტი, საზ. და პოლიტ. მოღვაწე. დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია (1891); ნოვოროსიის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1897). ევროპიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელსა“ და სხვა ქართ. გაზეთებთან. „კვალში“ გამოქვეყნდა მისი ხუთი ნოველა: „პეპელა“ (1893); „დაღუპული“ (1893); „სულ ერთია, ხომ ვეღარ გამობრუნდება“ (1895); „ის კი მიდიოდა“ (1896); „სხვისია, სხვისი“ (1897). ნოველები ითარგმნა რუსულადაც. დაუახლოვდა „ცნობის ფურცლის“ ეროვნ.-რადიკალურად განწყობილ ჯგუფს (1901). თანამშრომლობდა საქართვ. სოციალ-ფედერალისტთა პარტ. შექმნისათვის შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან, აირჩიეს ხუთი კაცისაგან შედგენილ მთ. კომიტეტში - ა. ჯორჯაძესთან, გ. დეკანოზიშვილთან, ვლ. ლორთქიფანიძესთან და გ. ლასხიშვილთან ერთად. მონაწილეობას იღებდა სოციალ-ფედერალისტთა პარტ. პროგრამის შემუშავებაში. საქართვ. დემოკრატ. რესპ. პერიოდში იყო რესპ. წარმომადგენელი არგენტინაში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა არგენტინასთან ურთიერთობაში და არგენტინის მიერ საქართვ. დემოკრატ. რესპ. დე იურედ აღიარების საქმეში. მუშაობდა ბათუმის თვითმმართველობაში, სადაც აირჩიეს ბათუმის “ურთიერთკრედიტის” ბანკის დირექტორად (1910). იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი (1917); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); საზ-ბა „ჩემოს“ წარმომადგენელი ჰააგაში (1920). წავიდა ემიგრაციაში და ცხოვრობდა საფრანგეთის ქ. დრავეილში(1921- 1955). მან დიდი როლი ითამაშა საქართვ. ეროვნ. განძის გადარჩენის საქმეში. ბოლშევიკთა ხელყოფისაგან განძის დაცვა ე. თაყაიშვილს დაევალა. თურქეთიდან ჩასულ გემს მარსელში დახვდნენ მეცნ. და დიპლომატი ზ. ავალიშვილი და საქართვ. პირველი რესპ. მთავრობის საქმეთა რწმუნებული დ. ა. განძი, მათი დახმარებით, გადაიტანეს მარსელის ბანკში დასაცავად.
ლიტ.: შველიძე, დ, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 360.; შველიძე, დ. საქართვ. დემოკრატ. რესპ. (1918–1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.; უნ-ტის გამ-ბა, 2018. — გვ. 127-128.; შველიძე, დ. პოლიტ. პარტ. წარმოშობა საქართვ. ფედერალისტები, თბ.; საქართვ. დემოკრატ. რესპ. (1918–1921); ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნ-ტის გამ-ბა, 2018. — გვ. 127; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; ,,წერა კითხვის გამავრცეწლებელი საზ-ბის” ფონდი; თსუ-ის ფონდი -471-1-16, გვ.2ა.