დათუაშვილი თამარ
დათუაშვილი თამარ

დათუაშვილი თამარ ( 16.II.1954, თბილისში), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა თბილ. ივ. ჯავახიშვილის სახ. 53-ე საშ. სკოლა (1971), თსუ-is მექან.-მათ. ფაკ-ტი (1976), საქ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის მათ. ინ-ტის ასპირანტურა (ახლანდ. დოქტურანტურა) ალგებრის სპეც. (1980). მუშაობდა იმავე ინ-ტის ალგებრა-ტოპოლოგიის განყ-ბაში უმცროს მეცნიერ- თანამშრომელად (1981-1986), მეცნ. თანამშრომელად (1986-1990), იმავე ინ-ტის ალგებრის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად (1990-2018), არის იმავე განყ-ბის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2018). იყო მიწვეული ლექტორი თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტზე (1999-2006). დ. თ.-მა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “რგოლებისა და კატეგორიების ჰომოლოგიური განზომილების შესახებ” ლენინგრადის ა. ჟდანოვის უნ-ტის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგის სახელმწ. უნ-ტი) მათ. ფაკ-ტზე (ხელმძღვ. აკად. ხ. ინასარიძე, 1982), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ალგებრული ობიექტების კატეგორიული, ჰომოლოგიური და ჰომოტოპიური თვისებები“ თსუ მათ. ფაკ-ტზე (2006). დ. თ.-ს მიღებული აქვს 8 საერთაშ. გრანტი, იყო ორი ადგილ. სამეცნ. გრანტის ხელმძღვ. და კოორდინატორი. არის საერთაშ. ჟურნ. „Turkish Journal of Mathematics“ (თურქული მათემატიკის ჟურნალი) რედკოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია DAAD სტიპენდიით (გერმანია, 1993, 2001); DFG გრანტით (გერმანია, 2000, 2003), გრანტებით ბიგოსა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნ-ტებში, ესპანეთის განათლების სამინისტრო და Xunta De Galicia (ესპანეთი, 2004-2013); თურქეთის განათლების სამინისტროს გრანტით TUBITAK (2014, 6 თვე). დ. თ.-ის სამეცნ. ინტერესებს წარმოადგენს ალგებრის შემდეგი დარგები: ჰომოლოგიური ალგებრა, კატეგორიათა თეორია, ჰომოტოპიური ალგებრა, მოქმედებების თეორია, არაასოციური ალგებრები. მან ამოხსნა შვედი მათემატიკოსების ი. პალმერისა და ი.-ე. რუზის მიერ დასმული ორი პრობლემა რგოლებისა და კატეგორიების გაფართოებების გლობალური განზომილების ფორმულის მიღების შესახებ. განმარტა და გამოთვალა შინაგანი კატეგორიების კოჰომოლოგიები, დაახასიათა კოჰომოლოგიურად ტრივიალური შინაგანი კატეგორიები, დაადგინა შინაგანი კანის გაფაერთოების არსებობის საკმარისი პირობები. ამოხსნა ფრანგი მათემატიკოსის ჟ.-ლ. ლოდეს მიერ დასმული ორი პრობლემა ე. წ. coquecigrue -ს შესახებ. დ. თ.-მა განმარტა და შეისწავლა თავის თავზე მოქმედი ჯგუფები, მოძებნა პირობა, რომლის საშუალებითაც დადგინდა coquecigrue-ს სახე. ესპანელ კოლეგებთან ერთად შეისწავლა არაკომუტაციური პუასონ-ლაიბნიცის ალგებრები და განავითარა მოქმედებების თეორია ალგებრულ კატეგორიებში. გერმანელ მათემატიკოს ფ. ვ. ბაუერთან ერთად გამოიკვლია ჰომოტოპიური ალგებრის საკითხები, განმარტა ჩაკეტილი მოდელ კატეგორიის სტრუქტურა ჯაჭვური ფუნქტორების კატეგორიაში. მან შემოიტანა c-ჯგუფისა და cssc-ჯვარედინა მოდულების ცნებები; თურქ თანაავტორებთან ერთად დაამტკიცა, რომ ასეთი ობიექტების კატეგორია ექვივალენტურია კატეგორიული ჯგუფების კატეგორიის.

თხზ.: Datuashvili, T. (2017). Categorical, Homological, and Homotopical Properties of Algebraic Objects. J. Math. Sci. (N.Y.) 225, no. 3, 383-533; ISSN: 1072-3374, 1573-8795/e.