-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
დანელია კორნელი დავითის ძე (15. VII. 1934, სოფ. ნაჯახავო, მარტვილის რაიონი — 28. IX. 1997, თბილისი. დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, ტექსტოლოგი. დ. კ.-მ მედალზე დაამთავრა ლეხაინდრაოს საშ. სკოლა (1953), ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი (ქართ. ენისა და ლიტ-რის განყ-ბა) (1957). მიიღეს უფ. ლაბორანტად საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში (1958), გადაიყვანეს უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1960). სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით (1960-1963). სამეცნ. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის ძვ. ქართ. ენის კათედრაზე (1963-დან). იყო თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ძვ. ქართ. ენის კათედრის დოცენტი (1967-1980), გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1980). შეთავსებით მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1986-დან). თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ძვ. ქართ. ენის კათედრის გამგე იყო (1987-დან). გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი (1988-დან). დ. კ. შევიდა ახლად აღდგენილი გელათის მეცნ. აკად. დამფუძნებელ წევრთა შემადგენლობაში (1995). იგი ავტორია 170-მდე შრომისა, მათ შორის 10 ფუნდამენტური მონოგრაფიისა. მისი კვლევის სფეროა: ძვ. ქართ. ენა, უძველესი წერილობითი ძეგლების კრიტიკული პუბლიკაცია, ქართ. სამწერლობო ენის, ქართველურ ენათა (მეგრ.-ჭან.) ისტ., შედარებითი გრამატიკისა და პოეტური ენის საკითხები, ბიბლიურ წიგნთა ქართ. თარგმანების საკითხები, ქართველოლოგიის ისტ. და სხვ. მის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია ქართ. ქრისტ. კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლების ენობრივი, ლიტ. და წყაროთმცოდნეობითი ასპექტების, ძვ. ქართ. ენის სტრუქტურის პრობლემათა კვლევას. იგი იკვლევდა ბიბლიურ წიგნთა ქართ. ენაზე თარგმნასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს. განსაკუთრებით ფასეულია მონოგრაფია „ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები“ (1983), რ-შიც კომპლექსურად არის განხილული ქართ. ლიტ-რის. ისტ. საკვანძო საკითხები, გამოვლენილია უცხო ენებიდან მომდინარე ლექსიკური და გრამატ. ელემენტები ბიბლიურ წიგნთა ძვ. ქართ. თარგმანში. სწორედ ამ ნაშრომებისათვის („ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი და მისი მნიშვნელობა ქართული სამწერლობო ენის ისტორიისათვის“, „ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები“) დ.კ.-ს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახ. სამეცნიერო პრემია (1988). დ. კ.-ს აქვს საყურადღებო შრომები ძვ. ქართ. და „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის შესახებ, სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ წყაროებსა და მასში ასახულ კოლხ. ლექსიკურ შრეებზე, ჩახრუხაძისა და შავთელის ხოტბათა პოეტურ ენაზე. წერილების მთელი სერია უძღვნა ქართ. სალიტ. ენის უცხო ენებთან კონტაქტის პრობლემას. თსუ-ში საფუძველი ჩაუყარა ახალ სასწავლო კურსს – „ქართველოლოგიის შესავალს“. მისი და ზ. სარჯველაძის ავტორობით გამოიცა სტუდენტებისათვის შედგენილი სახელმძღვანელო „ქართული პალეოგრაფია“ (1997). დ. კ.-ს გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა ნარკვევების მე-2 ტ. და მეგრ.-ლაზ. გრამატიკა.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): დანელია, კ. (1974). პავლეს ეპისტოლეთა ძველი ქართული ვერსიები (პავლენი) (გამოსაცემად მოამზადეს ქეთევან ძოწენიძემ და კორნელი დანელიამ), რედ. ა. შანიძე: თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, ტ. 16; დანელია, კ. (1991). ქართული ხალხური სიტყვიერება: მეგრული ტექსტები ქართული თარგმანითურთ, ტ. II, ზღაპრები და მცირე ჟანრები.