დალაქიშვილი სიმონ
დალაქიშვილი სიმონ

დალაქიშვილი სიმონ (13.X.1935, თბილისი - 23.VIII.2023), ექიმი, მკვლევარი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტი (1960). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის ასპირანტი (1960–1963), ამავე ინ-ტის მეცნიერ–თანამშრომელი (1963–1965); გერონტოლოგიის განყ-ების გამგე (1969 – 2015), მორფოლოგიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1982 – 2006), ინ-ტის დირექტორი (2015-2018), გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტ. ხელმძღვ. (2018 -2023). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ადამიანის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ზოგიერთი ველის სტრუქტურული ცვლილებები დაბერების პროცესში" და  მიენიჭა მედიცინის მეცნ. კანდიდატის წოდება (1965), სამედ.-ბიოლ. აკადემ. აკადემიკოსის წოდება (2001), პროფესორის წოდება (2005). იყო საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული გერონტოლოგიისა და გერიატრიული საბჭოს თავ-რის მოადგილე (1973), სსრკ გერონტოლოგთა და გერიატრთა საკავშ. საზ-ების პრეზიდიუმის წევრი (1989), სსრკ სამედ. ენციკლოპედიის გერონტოლოგიისა და გერიატრიის სარედაქციო განყ-ების რედაქტორი (1984), უკრაინის გერონტოლოგიურ ჟურნ. „Старение и долголетие“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი (1986-დან), ჟურნ. “ექსპერიმენტული მედიცინა“ რედკოლეგიის წევრი (2001- 2023). დ. ს. აირჩიეს იაპონიის ნატურალური მედიცინის ასოციაციის საპატიო წევრად (1983), მიენიჭა სან-ფრანცისკოს უნ-ტის საპატიო დოქტორის წოდება (1983). ხელმძღვანელობდა საქართველოში დღეგრძელობის ფენომენის კომპლ. პოპულაციური კვლევის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რ-ებიც განხორციელდა აშშ-ს (1977-1982), უკრაინის, რუსეთის (1977-1986), ჩეხოსლოვაკიის (1985-1987), ინგლისის (1984-1986), იაპონიის (1983-1987) წამყვან სამეცნ. ცენტრებთან; ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის გერონტოლოგიის განყ-ბის მონაწილეობას მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშ. ორგანიზაციის  პროგრამაში „კარდიაკი“(1985-1986). პროგრამა განხორციელდა მსოფლიოს 24 ქვეყანაში. დ.ს.-ს მონაწილეობა აქვს მიღებული  გერონტოლოგთა მსოფლიო კონგრესებში: კიევი (1972); ტოკიო (1978); ნიუ-იორკი (1985); მეხიკო (1999); ვანკუვერი (2001); რიო-დე-ჟანეირო (2005), ასევე გერონტოლოგთა საერთაშ. კონფერენციებში: ვაიმარი (1976); ერევანი (1980); მინსკი (1981); ნიუ-იორკი (1981); ბერლინი (1082); ბუდაპეშტი(1983); პშეროვო (1986), ხარბინი(1992), ტოკიო (1995, 2013); ნაგოია (2005) და სენდეი (2010). სამთავრობო სტრუქტურების მიწვევით ხელმძღვანელობდა საქართვ. დღგრძელთა დელეგაციას ტოკიოში, რომსა და ნაგოიაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მუკოგავას ქალთა უნ-ტისა და ფუჯიკოს კომპანიის ინიციატივით ხელმძღვანელობდა საქართველოში განხორციელებულ კვლევებს: „რძემჟავა პროდუქტის გავლენა კუჭნაწლავის ფუნქციონირებაზე“ (2012), რომლის შედეგები მოხსენდა გამართულ პირველ ერთობლივ ფორუმზე „იაპონია-საქართველო - „მაწონი“ ქართული კვლევები, ქართული იოგურტის - მაწონის მახასიათებლები და ქართველი ხალხის ჯანმრთელობა“ (2013). საქართველოში ჩაატარა ოთხი საერთაშ. კონფერენცია  გერონტოლოგიისა და გერიატრიის აქტუალურ საკითხებზე (1975, 1982, 1999, 2016); ასევე, აშშ-სთან ორი ერთობლივი საერთაშ. სიმპოზიუმი თბილისში (1980) და ნიუ-იორკში(1982); ოთხი ადგილ. კონფერენცია „მოსახლეობის დაბერების სოციალურ და ეკონომიურ პრობლემებზე“ (1975, 2000, 2002, 2004). ორი საერთაშ. კონფერენცია „დაბერების და დღეგრძელობის საკითხებზე“ (1986, 1991); ერთი საერთაშ. სიმპოზიუმი დაბერების ციტოგენეტიკის საკითხებზე (1997). არის 181 ნაშრომის ავტორი, მათ შორის 5 მონოგრაფიისა. მიღებული აქვს სამი პატენტი რძე–მჟავა და ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებზე. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია და დაცული 13 საკანდიდატო დისერტაცია. დღეგრძელობის ფენომენის შესწავლის საკითხებზე შექმნილი აქვს დოკუმენტური ფილმი „დღეგრძელობის ფენომენის კომპლექსური კვლევის პროგრამა და საქართველოს დღეგრძელები“, რ-იც წარდგენილ იქნა სამეცნ. ფორუმებზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გაეროს მიერ მოხუცთა საერთაშ. წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით, მიღებული  აქვს გაეროს გენ. მდივნის კ. ანანის მადლობის სერთიფიკატი (1999);  დაჯილდოებულია ჩეხოსლოვაკიის სამედ. საზ-ების პურკინიეს მედლით (1987),  ღირსების ორდენით (2013), თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2016) და თბილ. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის და სოც. საკითხების კომისიის მიერ ღვაწლმოსილი გერონტოლოგის სიგელით (2017).

თხზ.: დალაქიშვილი, ს. (1964). ვარიაციული სტატისტიკის მეთოდის გამოყენება მიკრომორფოლოგიაში ადამიანის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ზოგიერთი ველის შესწავლის მაგალითზე. თბ., საბჭ. საქართველო; ДалакиСвили, С. (თანაავტორი). (1979). Комплексная оценка здоровья, трудоспособности и трудонаправленности неработающих пенсионеров по возрасту и пути привлечения их к труду : (Медодические рекомендации для врачей ВТЭК, ВКК, работников соцобеспечения и трудовых ресурсов). Тб., დალაქიშვილი, ს. (თანაავტორი). ღირსეული სიბერე : (კონფერენციის მასალები) = A Decent Old Age : (Materials of the Conference). თბ., უნ-ტის გამ-ბა.