ჭყონია ილია მირიანის ძე (16.VI.1860, ოზურგეთი – 09.X.1929, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი), მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. მუშაობდა ოზურგეთის მომრიგებელ სასამართლოში, მდივნად. თანამშრომლობდა ქართ. პერიოდიკასთან (1877-დან). აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს; მისი რედ. გამოდიოდა გაზეთები: "მეურნე" (1895-1898) და „სიმართლის გზა“ (1917). დააარსა ქართ. სტამბა, სადაც მრავალი წიგნი იბეჭდებოდა. სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა მისი პუბლიც. წერილები და სტატიები: „გურიის ცხოვრებიდან“ (გაზ. „დროება“, 1885); „საინგილოს გასაჭირი“ (გაზ. „კლდე, 1918); „საქართველოსა და სომხეთის საზღვრები“ (გაზ. „კლდე 13.X.1918). გამოსცა კრებ. „სამწერლო თაიგული“ (1880). მისივე რედ. გამოვიდა ვახტანგ მეექვსის მიერ სპარს. თარგმნილი "ქილილა და დამანა" (1886); შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა "სიტყვის კონა" ნიკო მარის წინასიტყვაობით (1910); მან ქართულად თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, კრილოვის, ჰაინეს, სენკევიჩის ნაწარმოებები; გამოსცა თხზულებათა "კრებული"(1913). იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი“ (1880) და თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).
თხზ.: ჭყონია, ი. (1913). ნაწერები, თავისთავადი და ნათარგმნი. თბ.; ჭყონია, ი. (1955). ქორწინების ინსტიტუტი მთიულეთში: ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ნაწ. 1. თბ.
ლიტ.: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.413; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987., გვ. 409; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 6.