-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჩქარეული ჯუანშერ ლევანის ძე (13.I.1940, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965); სწავლობდა დუბნის ბირთული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის ასპირანტურაში (რუსეთი,1966-1970); იყო მოსკოვის თეორიული და ექსპერ. ფიზიკის ინ-ტის სტაჟიორ-მკვლევარი (1971-1974); ე. ანდრონოკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1974-1982), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1982-1990); ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყ-ბის ხელმძღვ. (1991-დან); არის თსუ-ის თეორ. ფიზიკის პროფესორი (1990-დან). მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ევროპის წამყვან სამეცნ. ცენტრებსა და უნ-ტებში: სასექსის უნ-ტი (ბრაიტონი, 1993-1994); თეორ. ფიზიკის საერთაშ. ცენტრი (ტრიესტი, 1996); ევროპის გაერთ. ბირთული კვლევების ცენტრი (ჟენევა, 1994-1995); ლონდონის სამეფო უნ-ტი (1998-1999); მაქს პლანკის სახ. ინ-ტი (მიუნჰენი, 2000); მერილენდის უნ-ტი და სხვა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ლაგრანჟის მოდელები განივი ვექტორული და აქსიალურ-ვექტორული ველებით“ (1970). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰორიზონტალური სიმეტრია და კვარკებისა და ლეპტონების თაობები“ (1985). საერთაშ. სამეცნ. პრესაში გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი ნაშრომი. იყო რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. პროექტის ხელმძღვ. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: კვარკებისა და ლეპტონების ერთიანი თეორიები, არომატების შერევა და თაობათა სიმეტრიები, სუპერსიმეტრიული მოდელები, დიდი გაერთიანება, სუპერსიმების ფენომენოლოგია, რელატივისტური სიმეტრიის სპონტანური დარღვევა და ლოკალური სიმეტრიების გენერაცია, კვანტური ელექტროდინამიკისა და გრავიტაციის დინამიურად წარმოშობილი თეორიები, ტოპოლოგიური დეფექტები ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში, დამატებითი სივრცე-დროის განზომილებები. მის მიერ პირველად იქნა შემოყვანილი ე. წ. კირალური ჰორიზონტალური სიმეტრიის კონცეფცია (1980). მეცნიერი არის საქართვ. და აშშ ფიზიკოსთა საზ–ებების წევრი(1994), ნიუ-იორკის მეცნ. აკად. და დიდი ბრიტანეთის ფიზიკის ინ-ტის ნამდვილი წევრი (2000-დან).