-
ავტორი
- კატეგორიები: არქეოლოგი ისტორიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჭილაშვილი ლევან ალექსანდრეს ძე (17. VIII. 1930, ქ. გურჯაანი,- 25. IV. 2004, თბილისი), არქეოლოგი, ისტორიკოსი, საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2001), ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი(1968). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1953). სწავლა განაგრძო თსუ-ის ისტორიის ინ-ტის ასპირანტურაში, არქეოლოგიის სპეციალობით. ჭ. ლ.-მა მუშაობა დაიწყო სიმონ ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ფეოდალური ხანის საქართვ. მატერ. კულტურის ისტორიის განყ-ებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1957-დან); უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1960). იგი აქტიურად ჩაერთო საველე არქეოლ. ექსპედიციების მუშაობაში; მონაწილეობა მიიღო ურბნისის არქეოლოგიურ ექსპედიციაში რაზმის ხელმძღვ. (1957); დაინიშნა გრემის ნაქალაქარის შემსწავლელი არქეოლ. ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილედ (1963). მისი სამეცნ. მოღვაწეობის სფერო განისაზღვრებოდა საქართვ. ისტ. და არქეოლ. პრობლემების კვლევით, ძირითადად, ანტიკური და შუა ს. ქართული ქალაქების შესწავლით. ჭ. ლ.-მა რუსთავის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლ. მასალებისა და წერილობითი წყაროების ანალიზზე დაყრდნობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1958) თემაზე: „ქალაქი რუსთავი (ისტორიულ-არქეოლოგიური ნარკვევი)“, ხოლო დისერტაცია ისტორიის მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „ქალაქები ფეოდალურ საქართველოში“ (1967). ჭ. ლ.-მა ძველი ქართ. ქალაქების და საქალაქო ცხოვრების, წარმართული რელიგიის, მონასტიციზმისა და ქართული დამწერლობის ისტორიის პრობლემათა კვლევას მიუძღვნა რამდენიმე ათეული სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები: „ნაქალაქარი ურბნისი“, „ძველი გავაზი“, „კახეთის ქალაქები (XIV-XVIIIსს.)“, „ნეკრესის წარმართული სამლოცველოები,” „ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები“და სხვ. ჭ. ლ.-მა სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი-„ქალაქები ფეოდალურ საქართველოში“. ნაშრომში წერილობით წყაროებზე და არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით განხილულია საქართვ. ანტ. და შუა ს. ქალაქების ისტორია, მათი სოციალურ-ეკონ., სტრუქტურული და ფუნქციონალური მდგომარეობა, ტიპოლოგია, ქალაქების გარეგანი სახე, საქალაქო მეურნეობის დარგები, გზები; დადგენილია ქალაქების წარმოშობის განმსაზღვრელი მიზეზები და სხვ. მონოგრაფია - „ძველი გავაზი (ისტ.-არქ. გამოკვლევა)-საინტერესოა იმით, რომ ამ პერიოდში ჭ. ლ. საველე არქეოლოგიურ კვლევას იწყებს კახეთის რეგიონში და სწორედ, ნაქალაქარი გავაზი იყო პირველი ძეგლი, რ-იც მკვლევარმა დამოუკიდებლად შეისწავლა. მონოგრაფიაში - „კახეთის ქალაქები (XIV-XVIII სს.)“ - შესწავლილია გვიანი შუა ს. ქალაქების წარმოშობის, ფორმირების და განვითარების საკითხები, ნაშრომის დიდი ნაწილი ეძღვნება კახეთის სამეფოს დედაქალაქების - გრემის და ბაზარის (ზაგემი) ისტორიულ-არქეოლ. კუთხით შესწავლას ჭ. ლ-ის მიერ ნაქალაქარზე ჩატარებული საველე კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალის ინტერპრეტაციაზე. ჭ. ლ.-ის კიდევ ერთი დამსახურებაა ძველი ნაქალაქარის, როგორც მნიშვნელოვანი პუნქტის განსაზღვრა. მან შეძლო საისტ. წყაროებში დადასტურებული ტოპონიმ -„არეშის“ ლოკალიზაცია ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე; დაადგინა, რომ ნაქალაქარის ისტორია მოიცავს ვრცელ ქრონოლოგიურ პერიოდს-ახ.წ. IV საუკუნიდან - XIV საუკუნემდე. იგი ნეკრესის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ქართ. წარწერიანი ათი ძეგლიდან გამოჰყოფს ექვს ასომთავრულ წარწერიან ნიმუშს. მისი აზრით, აღმოჩენილი წარწერები აშკარად მიუთითებს წერა-კითხვის ფართო გავრცელებაზე ნეკრესის მოსახლეობაში. ჭ. ლ. დაინიშნა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნ. ნაწილში (1972), ხოლო მოგვიანებით საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმის მიერ იგი დამტკიცებულ იქნა მუზეუმის დირექტორად (1974). მისი კონცეფციით მუზეუმში მოეწყო შუა საუკუნეების მატერ. კულტურის ამსახველი გამოფენა, რომლის შესახებ მან გამოსცა გზამკვლევი: ,,საქართველოს IV- XVIII სს. მატერიალური კულტურა”(1990). გამოფენამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შუა საუკუნეების ქართ. კულტურული მემკვიდრეობის მაღალ პროფესიულ დონეზე წარმოჩენასა და მის პოპულარიზაციაში. ჭ. ლ. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თსუ-ში შუა საუკუნეების არქეოლ. და მუზეუმმცოდნეობის მიმართულებით. იგი იყო არქეოლოგიის კათედრის წევრი (1960-დან). მან მუზეუმმცოდნეობის საკითხების შესწავლას მიუძღვნა არაერთი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის - მუზეუმმცოდნეობა და სამუზეუმო საქმის საფუძვლები (1984), ასევე მსოფლიო დიდი სამუზეუმო ცენტრები (I, II-1985). ნაშრომებში განხილულია სამუზეუმო ცხოვრების განვითარების ისტორია, მუზეუმმცოდნეობის როგორც სამეცნ. დისციპლინის არსი, მისი თანამედროვე მდგომარეობა და პრობლემები. მიღებული აქვს არაერთი სახელმწ. ჯილდო და პრემია, მათ შორის მეცნ. და ტექნიკის დარგში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის: (1958-1991) - "ქალაქები და საქალაქო ცხოვრება შუა საუკუნეების საქართველოში“ (2002).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჭილაშვილი, ლ. (1958). ქალაქი რუსთავი: ისტორიულ-არქეოლოგიური ნარკვევი. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; ჭილაშვილი, ლ. (1968). ქალაქები ფეოდალურ საქართველოში. [ტომი] 1. თბ.,: მეცნიერება; ჭილაშვილი, ლ. (1975). ძველი გავაზი: (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა). თბილ. მეცნიერება; ჭილაშვილი, ლ. (1980). კახეთის ქალაქები (XIV-XVII სს.). თბილისი: მეცნიერება; ჭილაშვილი, ლ. (1970). ქალაქები ფეოდალურ საქართველოში. [ტომი] 2. თბ,: მეცნიერება; ჭილაშვილი, ლ. (2004). ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები. თბ., ISBN: 9994002201;
ლიტ: ლევან ჭილაშვილის ხსოვნას - 80. (2010). საქართვ. ეროვნული მუზეუმის მოამბე, I:(45-B), თბ.