ჭილაია ანდრო რომანოზის ძე
ჭილაია ანდრო რომანოზის ძე

ჭილაია ანდრო რომანოზის ძე (03.VI.1903, სოფ. ნახუნაო -7.III.1973), ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი. დაწყებითი განათლება თავის სოფელში მიიღო, ხოლო საშ. სკოლა დაამთავრა მარტვილში. იგი დანიშნეს მასწავლებლად მანგლისში (1926). როგორც წარჩინებული მასწავლებელი, უმაღლ. განათლების მისაღებად მიავლინეს თბილისში (1930). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1936). უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობდა ლექტორად ჯერ ხელოვნების ინ-ტში, ხოლო შემდეგ პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში. ლექციების კურსს კითხულობდა თსუ-ში და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ახ. ქართ. ლიტერატურის კათედრაზე (1940-დან). ჭ.ა. ხელმძღვანელობდა დაუსწრებელ სწავლებას ფილოლოგიის ფაკ-ტზე, როგორც დეკანი (1941-1945). ეკავა პრორექტორის თანამდებობაც (1945-1950). ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1966). ლიტერატურის თეორიის მრავალი საკითხი გაარკვია ქართვ. მწერალთა შემოქმედებითი პრაქტიკის მიხედვით. როგორც პედაგოგი, იგი მონაწილე იყო სახელმძღვანელოთა შედგენისა; ძირითადად, უმაღლ. და საშ. სკოლების პროგრამების დამუშავებისა, ასევე ახ. ქართ. ლიტერატურის კათედრის მიერ მომზადებული ორტომიანი სახელმძღვანელოსი.

თხზ.: ჭილაია, ა. (1941). აკაკი წერეთლის შემოქმედების ჟანრები და თემატიკა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ჭილაია, ა. (1957). ლიტერატურულ ტერმინთა ლექსიკონი. თბ., სამეცნ.–მეთოდ. კაბინეტის გამ–ბა; ჭილაია, ა. (1964). გიორგი წერეთლის შემოქმედების გზა. თბ., ცოდნა; ჭილაია, ა. (თანაავტორი). (1984). ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები. თბ., უნ–ტის გამ–ბა.