-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჩიქობავა არნოლდ სტეფანეს ძე (26. III. 1898, სოფ. საჩიქობავო, სენაკის მუნიციპალიტეტი-05. XI. 1985. თბილისი, დაკრძალულია ოქროყანაში), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი საენათმეცნ. განხრით (1922). იყო თსუ-ის დოცენტი (1926-1933), შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, ამავე უნ-ტის პროფ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“ და მიიღო ფილოლ. მეცნ. დოქტ. ხარისხი (1929), განაგებდა თსუ-ის კავკ. კათედრას (1933-1960). იყო ქართ. ენის კათედრის გამგე ქუთაისის პედ. ინს-ტში (1933-1937). ჩ. ა. ფუძემდებელია იბერიულ-კავკასიური ენათმეცნ., როგორც დამოუკიდებელი სამეცნ. დისციპლინის. ინიშნებოდა თბილისის ენათმეცნ. ინ-ტის იბერიულ-კავკასიური ენების განყ-ბის გამგედ (1936-1985). გახდა საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941), ენათმეცნ. ინ-ტის დირექტორი (1950-1952). იყო მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი (1950-1963). ჩ. ა. იყო საქართვ. (1946), დაღესტნის (1968), ყაბარდო-ბალყარეთის (1968), აფხაზეთისა (1973) და ჩეჩნეთ-ინგუშეთის (1981) მეცნ. დამს. მოღვაწე. ჩ. ა. იყო ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისიის თავ-რე და მთ. რედ. (1950-1963) და ამავე წლებში აკად. პრეზიდიუმის წევრად ინიშნებოდა. მიიღო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ლომონოსოვის სახ. პრემია (1951). გახდა ბერლინის უნ-ტის საპატიო დოქტ. (1960). აირჩიეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლ. საზ-ბის საპატიო წევრად (1968). გადაეცა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). მისი მეცნ. კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნ. თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართ. და კავკ. ენების გრამატიკა, ქართ. ენისა და ლიტ-რის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია და ა.შ. არის 300-მდე სამეცნ.-კვლ. ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი. იგი იყო საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ (ამჟამად „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“) დამფუძნებელი და უცვლელი მთ. რედ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჩიქობავა, არნ. (1938). ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი. სსრკ მეცნ. აკად. საქ. ფილიალის გამ-ბა; ჩიქობავა, არნ. (2008). ენათმეცნიერების შესავალი. თბილ. უნ-ტის გამ-ბა; ჩიქობავა, არნ. (1998). რა თავისებურებანი ახასიათებს ქართული ენის აგებულებას? სკოლა.; ჩიქობავა, არნ. (2008). იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია. უნივერსალი, ISBN: 9789941123054.