ჩეკურიშვილი როსტომ იოსების ძე
ჩეკურიშვილი როსტომ იოსების ძე

ჩეკურიშვილი როსტომ იოსების ძე (27. VII. 1925, ველისციხე, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი-XI.2004), პროფესორი (1992). სწავლა დაიწყო თბილ. სარკინიგზო საინჟინრო ინ-ტში ხიდების და გვირაბების ფაკ-ტზე (1942), საიდანაც მოხალისედ წავიდა II მსოფლიო ომში (1943-დან). დემობილიზაციის შემდეგ, გაიარა ამიერკავკ. აეროგეოდეზიური წარმოების კურსები (1947), საიდანაც გაიგზავნა მოსკ. გეოდეზიის, აეროფოტოგადაღებისა და კარტოგრაფიის საინჟ. ინ-ტში (1948); შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილ. ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში პედაგოგად; არის იმავე ტექნიკუმის დირექტორი (1965-დან); სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთ. სამმართველოს ამიერკავკ. N 4 საწარმოოს უფრ. (1968-დან); ამ დაწესებულებაში მისი ხელმძღვანელობით იბეჭდებოდა კავკასიის, შუა აზიის რესპუბლიკების, კამჩატკის, არაშავმიწა ნიადაგების 7 ოლქის ტოპოგრაფიული რუკების სერიები. რ.ჩ.-ის ინიციატივითა და წინადადებით ყოფ. სსრკ-ში პირველად შეიქმნა ქალაქების გეოდეზიური სამსახურები (საწარმოსთან), რ-იც დიდ დახმარებას უწევდნენ სადირექტივო ორგანოებს ქალაქების დაგეგმარებასა და განაშენიანებაში, მიწისქვეშა კომუნიკაციების ორგანიზაციასა და სხვ. მისივე ხელმძღვანელობით საქართვ. პირველად დაიწყო შავი ზღვისა და სევანის ტბის შელფების აგეგმვა. მუშაობდა თსუ-ში გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე უფრ. მასწავლებლად (1962-დან), საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში გეოდეზიის კათედრის დოცენტად (1980-1985), იმავე კათედრის გამგედ და პროფესორად (1985-დან). ამავდროულად შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური მეთოდების განყ-ბის გამგედ (1982-დან); არქეოლოგიის კვლევის ცენტრში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1989) აეროკოსმოსური მეთოდების დასანერგად არქეოლ. ძეგლების აღმოჩენისათვის, ტექნ. უნ-ტში საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშაიდერის კათედრის პროფესორად (1997-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სტერეოფოტოგრამმეტრია“ (1971). გამოქვეყნებული ჰქონდა 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი: „აეროკოსმოსური კარტოგრაფირების საკითხისათვის" (საქართვ. გეოგრ. საზ-ბის შრომები. 1985, ტომი 16); „ კავკასიის ერთიანი ტრიანგულაციის შექმნის ისტორიიდან“ (საქართვ. გეოგრ. საზ-ის შრომები,1988, 88. ტომი 17), მათ შორის უმაღლ. სასწავლებლისათვის რამდენიმე სახელმძღვანელო. შეადგინა სასწ. პროგრამები აეროფოტოსურათების დეშიფრირებაში (1973), გეოდეზიაში (1982), საინჟინრო გეოდეზიაში (1982). იყოს საქართვ. სპორტულ-ორიენტირების პრეზიდენტი, საქართვ. გეოდეზიური საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი, საქართვ. აგროტექნოლოგიური მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1997).

თხზ.: ჩეკურიშვილი, რ. (1965). ფოტოგრამმეტრია: გეოდეზიაში. სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლებლების სტუდენტებისათვის.თბ., განათლება; ჩეკურიშვილი, რ. (1968). სტერეოფოტოგრამმეტრია, თბ.; ჩეკურიშვილი, რ. (1969). სტერეოფოტოგრამმეტრია : სახელმძღვ. პოლიტექნ. ინ-ტის სტუდენტთათვის. თბ., განათლება; ჩეკურიშვილი, რ. (1977). აეროფოტოსურათების დეშიფრირება. თბ.,უნ-ტის გამ-ბა; ჩეკურიშვილი, რ. (1982). გეოდეზია: სასწავლო პრაქტიკის მეთოდური მითითებანი მიწათმოწყობის სპეციალობის I და II კურსის სტუდენტებისათვის. თბ.,  სსრკ სოფლის მეურნ. სამინ., საქ. სას.-სამ. ინ-ტი; ჩეკურიშვილი, რ. (თანაავტორი). (1994). მეთოდური მითითებანი "მთის ლანდშაფტის კადასტრის შედგენა აეროკოსმოსური მეთოდების გამოყენებით". თბ., კარტოგრ. ფაბრიკა; ჩეკურიშვილი, რ. (თანაავტორი). (2000). კარტოგრაფიული გენერალიზაცია: სახელმძღვანელო. თბ.

მასზე: ხარაძე კ., (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.