ჭავჭავაძე ნინო (23.XI.1945, თბილისი-2024). ჩააბარა თსუ-ის ქართ. ენისა და ლიტერატურის ფაკ-ტზე (1963). მიენიჭა ფილოლოგის, ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია (1968). შემდეგ განმეორებით ჩააბარა თსუ-ის გერმან. ენისა და ლიტერატურის ფაკ-ტზე (1968) და მიენიჭა ფილოლოგის, გერმან. ენის მასწავლებელის კვალიფიკაცია (1973). იგი მუშაობდა თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე (1970-2006). ჭ. ნ. დაინიშნა კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ლაბორანტად (1970), ხოლო მოგვიანებით დაამტკიცეს კლასიკური ფილოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1989); მუშაობდა კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1992-2006). მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ნოველა ძველბერძნულ პროზაში“ (1985). ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა დოცენტის სამეცნ.-პედ. წოდება - კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით (1996). ჭ. ნ. სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში - ზაარლანდის უნ-ტში. კურსი მოიცავდა ქართ. ენისა და კულტურის ისტორიის სწავლების ორ საფეხურს, მათთვის ვინც იწყებდა ენის შესწავლას ან იღრმავებდა უკვე შეძენილ ცოდნას ამ სფეროში. გარდა ზაარლანდის უნ-ტისა, კურსი ტარდებოდა სახალხო უმაღ. სასწ. და ზაარლანდის გიმნაზიაში როტენბიულზე (1990-1998). ამასთან, ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, კოოპერაციის ფარგლებში, გერმანიიდან ქართ. ენისა და კულტურის შესასწავლად საქართველოში ჩამოსულ სტუდენტებს.