-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
ჭანუყვაძე გივი დავითის ძე (14.I.1924, ოზურგეთის რ-ნი სოფ. ცხემლისხიდი– 13.V.1984, თბილისი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით (1950) და უცხო ენათა პედ. ინ-ტის კურსები (1964). მუშაობდა პოლიტეკონომიის კათედრის ასისტენტად (1954-დან). იყო საქართველოს ალკკ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი და საქართველოს კპ ცკ-ის ინსტრუქტორი (1949-1961). საბჭოთა ვაჭრობის საკავშირო დაუსწრებელი ეკონომიკის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი (1955-1956), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "სოციალისტური დაგროვების არსი, მნიშვნელობა“ (1954). იყო პოლიტეკონომიის კათედრის მასწავლებელი (1956-დან), სახ. მეურნეობისა და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის დოცენტი (1966-დან), პროფესორი (1967-დან). სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობასთან დაკავშირებით მუშაობდა უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1964-1967). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ვულგარული ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა“ (1964). დაინიშნა ფაკ-ტის დეკანად (1970). იგი ორჯერ აირჩიეს საბუნებისმეტყველო ფაკ-ტების პოლიტეკონომიის კათედრის გამგედ (1975-1982). მიღებული აქვს მრავალი მადლობის სიგელი და მადლობა სამეცნ. და პოლიტ. ცოდნის აქტიური გავრცელებისათვის. მიენიჭა პირველი ხარისხის საუნივერსიტეტო სამეცნ. პრემია ,,ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის“ სახელმძღვანელოსთვის, ხოლო ,,სოციალიზმის ეკონომიკური თეორიის აქტუალური საკითხებისათვის“ - უმაღლ. განათლების რესპ. პრემია. იყო საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1983). გამოსცა 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მისი ნაშრომები ძირითადად ეხებოდა დასავლური პოლიტეკონომიის კრიტიკას.
თხზ.: ჭანუყვაძე, გ. (1962). ბურჟუაზიული ვულგარული პოლიტეკონომიის კრიტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭანუყვაძე, გ. (თანაავტორი). (1973). სოციალიზმის დროს სასაქონლო-ფულად ურთირთობათა შესახებ ანტიმარქსისტული კონცეფციების კრიტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭანუყვაძე, გ. (1973-1975). ეკონომიურ მოძღვრებათა ისტორია- ორ ნაწილად. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭანუყვაძე, გ. (1975). პოლიტეკონომიის საგანი და მეთოდი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭანუყვაძე, გ. (1983). მეთოდური მითითებანი პოლიტეკონომიაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭანუყვაძე, გ. (2001). ქართული ეკონომიკური აზრის რეტროსპექტივა (1918-1970 წწ). თბ.