-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ჩანტლაძე იზოლდა (იზა) (1. XII. 1939, ქ. თბილისი-06. VI. 2024. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე), მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ება (1962), მოგვიანებით — საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის ასპირანტურა. მიენიჭა საგანგებო პრემია საკანდიდატო დისერტაციის ვადამდე ადრე დამთავრებისთვის (1965); მუშაობდა ენათმეცნ. ინს-ტში (1967-დან) (ჯერ უმცროს, მერე კი უფრ., წამყვან და მთავარ მეცნიერ თანამშრომლად), პარალელურად სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ., ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. და სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტებში. იყო ხელმძღვ. ბათუმის უნ-ტის რექტორატთან დაარსებული „ქართველი ხალხის ეთნოლინგვისტურ და ანთროპოლოგიურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის“ (2005-2008). მისი ხელმძღვანელობით ბათუმში 24 ქვეყნის მეცნიერთა მონაწილეობით ჩატარდა საერთაშ. სიმპოზიუმი, რ-ის მასალები გამოქვეყნდა სამეცნ. კრებ. „ლინგვოკულტუროლოგიური ძიებანის“ ორტომეულში (2011). იყო ილიას სახელმწ. უნ-ტის საპატიო პროფესორი (2006-დან). გამოქვეყნებული აქვს 350-მდე ნაშრომი, აქედან 15 მონოგრაფია. თავისი მოღვაწეობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მთ. სამეცნ. შედეგად მიანჩდა ვ. თოფურიასა და მ. ქალდანის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლის დასრულება „სვანური ლექსიკონის“ გამოცემით (2000); გამოსცა ვარლამ თოფურიას „სვანური ენის სახელმძღვანელო“ (2008), რ-იც ვ. თოფურიას დაუსრულებელი დარჩა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით შეიქმნა მონუმენტური (836-გვერდიანი) მაღალაკადემიური წიგნის „კოდორული ქრონიკების“ პუბლიკაცია (2007-2010). ჩ. ი-მ და მისმა მოწაფეებმა აგვისტოს ცნობილ სამხ. ბატალიონებამდე კოდორის ხეობაში მუშაობით იქაური მეტყველების ნიმუშები გადაარჩინეს დაკარგვას, რაც აღნიშნული ნაშრომით დასრულდა (2008); გარდა ამისა, კოლეგებთან (პროფ-ებთან: ალექსანდრე ღლონტთან, ოთარ ქაჯაიასთან და ომარ მემიშიშთან) ერთად შეიქმნა „ქართველურ ენათა მცირე ლექსიკონი“ (300 გვ.); მეორე კურსიდანვე სისტემატურად კითხულობდა მოხსენებებს სტუდენტთა სამეცნ. კონფერენციებზე როგორც ქართველოლოგიაში, ისე ბიზანტინოლოგიაში, მოხსენებამ „ბერძნიზმები სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“, რ-იც წაკითხული იყო მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში გამართულ სტუდენტ-ორიენტალისტთა პირველ საერთაშ. კონფერენციაზე (1960), დაიმსახურა რექტორის სპეციალური პრემია. იმავე წელს ჩ. ი. აირჩიეს თბილ. VIII მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; შემდგომშიც სისტემატურად მონაწილეობდა როგორც საერთაშ. (ECLinG), ისე ადგილობრივ სამეცნ. პროექტებსა და კონფერენციებში სხვადასხვა ქვეყანაში. პროფ. ჰაინც ფენრიხთან თანაავტორობით ქ. იენაში გამოვიდა გარდამავალი დიალექტის – ჩოლურული სვანური მეტყველების ამსახველი წიგნი „Tscholurswanisch-Deutsches Verbenverzeichnis“ (2003); მაინის ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნ-ტის ემპირიული ლინგვისტიკის ინს-ტის დირექტორთან, პროფ. იოსტ გიპერტთან და დისერტანტებთან ერთად მუშაობდა „ზემოსვანურ მორფემულ ლექსიკონზე“; აღზარდა 17 ასპირანტი, მათ შორის 11 ფილოლ. დოქტ., ქ. თბილისში დააარსა სკოლა „აკადემოსი“ („კაი ყმა“) (1999). ჩ. ი. იყო არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინს-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომლი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი, ილიას სახელმწ. უნ-ტის საპატიო პროფესორი. მან საკანდიდატო დისერტაციის თემა „ძველი სვანური ხალხური სიმღერების ენისა და ცოცხალი მეტყველების შეპირისპირებითი ანალიზი“ (მეცნიერ-ხელმძღვ. აკად. არნოლდ ჩიქობავა, სამეცნ. კონსულტანტი აკად. ვარლამ თოფურია) (1969), სადოქტორო დისერტაცია — „სახელთა პარადიგმატული სისტემა სვანურში (დანარჩენ ქართველურ ენებთან მიმართებით)“ (1990). იყო არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინს-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1990-2024). გადაეცა იაკობ გოგებაშვილის სახ. პრემია ლინგვისტურ ქართველოლოგიაში მიღწეული წარმატებებისთვის (2017), ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი
ნაყოფიერი სამეცნ. მოღვაწეობისთვის (2023).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჩანტლაძე, ი. (2014). სვანეთის ფლორა = The flora of Svaneti: ინტერდისციპლინურ-ეტიმოლოგიური კვლევა ქართველურ ენათა მასალების მიხედვით (თანაავტორი). სვეტი+. ISBN: 9789941936777; ჩანტლაძე, ი. (2016). მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე! = Only for this it was worth to live!. სვეტი+. ISBN: 9789941944284; ჩანტლაძე, ი. (2017). სვანური ენის შესწავლის ისტორია: სახელთა პარადიგმატიკა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN: 9789941136047; ჩანტლაძე, ი. (2020). კოდორული სვანური: გამოკვლევები, ლექსიკონი, ტექსტები იენა, ენათმეცნიერების ინსტიტუტი. ISBN: 9789941490057.