ჭანიშვილი რევაზ გივის ძე
ჭანიშვილი რევაზ გივის ძე

ჭანიშვილი რევაზ გივის ძე (17.VI.1958, თბილისი), ასტროფიზიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1989). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1980) და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტურა (1987). საერთაშ. ასტრონ. კავშირის წევრი, ათამდე საერთაშ. და ადგილ. საგრანტო პროექტის მონაწილე და ხელმძღვ. ორმოცდაათამდე გამოქვეყნებული სტატია. კვლევების მიმართულება - ასტროფიზიკური და გეოფიზიკური დინებები, არამდგრადობები და ტურბულენტობა წანაცვლებით დინებებში, არამოდალური მათემატიკური ანალიზი, რიცხვითი მოდელირება. დღემდე საქართვ. ე. ხარაძის ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელი (აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვ., 1989-დან): ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე (1999-2000), ობსერვატორიის დირექტორი (2020-2025), ობსერვატორიის ფილიალის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე (2000-2007). გეოფიზიკის ინ-ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2012-2020) და საქართვ. კოსმოსური სააგენტოს უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2006-2008). პედაგოგიური საქმიანობა: თბილ. №169 საშ. სკოლა (1980-1985), თსუ (1991-1992), სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. უნ-ტი (1996-2000). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექნიკის დარგში (2002).