-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი საზოგადო მოღვაწე პედაგოგი
ბურჯანაძე ვარლამ ამირანის ძე (23.I.1873, სოფ. ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპ. - 17.X.1941, ისი), ქართვ. პედაგოგი, ,,ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების" წევრი (1917-1918); ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მდივნი (1914- 1927) და საზ. მოღვაწე. წარმატებით დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია (1896) და მასწავლებლობდა საქართვ. სხვადასხვა ქალაქებში. იყო ქუთ. დაწყებითი სკოლის პედაგოგი; ლექციებს კითხულობდა სახ. უნ-ტში; იყო ქალაქის დრამ. საზ-ბის წევრი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა არალეგალური წრის ბიუროს, რისთვისაც იგი ადმ. წესით გაასახლეს ქუთ. გუბერნიიდან. ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გადაწყვეტილებით იგი დაინიშნა კავკავის ქართ. სკოლის გამგედ და როგორც ხელისუფლებისათვის არასაიმედო პირი გაანთავისუფლეს (1911-1914). ამის შემდეგ გადავიდა ბაქოში და მუშაობას იწყებს ნავთობის მრეწველთა ადგილ. ქართ. სკოლაში გამგედ, სადაც ასევე დაიმსახურა ადგილ. ხელისუფალთა რისხვა და აეკრძალა სკოლაში მუშაობა, რედაქტორობდა ჟურნ. „განათლებას“ (1919–1921). მის კალამს ეკუთვნის 150-ზე მეტი მეთოდური ხასიათის წერილი და ნარკვევი. მანვე შექმნა „ქართული ენის ქრესტომათია ეროვნებათა უმცირესობის სკოლებისათვის“, ხოლო შ. არაგვისპირელთან და ივ. გომართელთან ერთად რუს. შეადგინა ქართ. ენის პრაქტიკული თვითმასწავლებელი. მან ლ. ბოცვაძესთან ერთად ,,ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დავალებით გადაამუშავა ი. გოგებაშვილის ,,დედა ენის" პირველი და მეორე ნაწ. (1916). ბ.ვ-ს ინიციატივით დაარსდა სრულიად საქართვ. მასწავლებელთა კავშირი, რომლის მიზანი იყო სახ. განათლების საქმის რეორგანიზაცია, მასწავლებელთა მდგომარეობის გაუმჯობესება და ეროვნ. სკოლების დაარსება–განმტკიცება (1920). იგი ქართ. ენასა და ლიტერატურაში, ბუნებისმეტყველებასა და ისტორიაში ლექციების წასაკითხად იწვევდა ცნობილ ქართვ. მოღვაწეებს. მისი თავმჯდომარეობის დროს დაარსდა მასწავლებელთა კოოპერატივი ,,უნივერსალი", შემუშავებული იქნა მასწავლებელთა საპენსიო სალაროს წესდება, გახსნილი იქნა წიგნის მაღაზია, მოეწყო საზაფხულო აგარაკი მანგლისში და სხვა. ბ. ვ. დააპატიმრეს როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მაგრამ სამი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და განაგრძო პედ. მოღვაწეობა (1930). აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ.–გაზ. რედაქციებთან. მისი წერილები, გამოკვლევები და სტატიები სხვადასხვა ფსევდონიმებით იბეჭდებოდა: ,,ივერიაში"; ,,განათლებაში"; ,,კვალში"; ,,ალიონში"; ,,ფონში"; ,,ჩვენს ცხოვრებაში" და ,,თემში". საინტერესოა მისი წერილები:,,დედის გავლენა შვილზე"; ,,ბიუროკრატია და პედაგოგიკა"; ,,სახალხო სკოლა დასავლეთ ევროპაში"; ,,ტოლსტოი და სახალხო სკოლა"; ,,მასწავლებელთა ურთიერთდამხმარე საზოგადოებანი რუსეთში"; ,,ჩვენი ავ-კარგი"; ,,ბაქოს მრეწველთა სკოლები"; ,,ალაგირელ ქართველთა კულტურული ნაბიჯი"; ,,იაკობ გოგებაშვილი" და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
წყარო: "მამულიშვილთა სავანე" : ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., სერვანტესის საზ-ება, გამომც. "ირმისა", 1994. - გვ. 91; "სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები" : საქართვ. სსრ განათლების სამინისტროს სახ. განათლების სახელმწ. მუზეუმი // კრებული მესამე. - თბ., "განათლება", 1968; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ.2.