ბურჯანაძე მზია შოთას ასული (08.X.1955, თბილისი), ფილოლოგი-აღმოსავლეთმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე (სპარს. ლიტ-რა), მთარგმნელი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2018). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1977) და იმავე უნ-ტის ასპირანტურა (1981); არის ფილოლ. მეცნ. კანდ., საკანდიდატო თემა "თანამედროვე სპარსული ფსიქოლოგიური ნოველის განვითარების ტენდენციები" (1985); იყო თბილ. # 1 საშ. სკოლის სპარს. და ქართ. ენების მასწავლებელი (1979-1996), თსუ-ის ირან. ფილოლოგიის კათედრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-1996), თსუ-ის ირან. ფილოლოგიის კათედრის დოცენტი (1996-2006); თსუ-ის ლექტორი (2006-2018); ილიას უნ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ასისტენტ-მკვლევარი (2016-2018), თსუ -ის ირანისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2018-დან). ბ. მ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა, ახალი და უახლესი სპარს. ლიტ-ის ისტორია, თანამედროვე აღმ. ლიტ-ის მოკლე კურსი, სპარს-დან ქართ-ად თარგმნის ტრადიცია და თარგმ-ის თეორიები, ევროპეიზმი და სპარს. ნოველის განვითარების გზა, სპარს-ქართ. თარგმ-ის ტენდენციები (მხატვრული და ინფორმაციული ტექსტები), თანამედროვე სპარს. ლიტ-ის შედევრები ქართულად. მისი კვლევის სფეროებია: თანამედროვე სპარს. ლიტ., თარგმანმცოდნეობა, სპარს-ქართ. თარგმანის ტენდენციები. ბ. მ.-მ თანაავტორებთან ერთად შეადგინა დამხმარე სახელმძღვანელო ირანისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის: „სპარსული ქრესტომათია: მე-3 ტომი“ (2006). ქრესტომათიაში შესულია მე-20 ს.-ის ირანელი პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედების ნიმუშები. წიგნს ერთვის წინასიტყვაობა და მოკლე ინფორმაციები ავტორების შესახებ. ბ. მ.-ის გამოკვლევა „ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია“ (გამომც. 2016) პირველი ქართ. სახელმძღვანელოა თანამედროვე სპარს. ლიტ-რის დარგში. წიგნში განხილულია XX-XXI სს.-ის სპარსული პროზისა და პოეზიის საკითხები მსოფლიო ლიტერატურულ პროცესთან კავშირში. ბ. მ.-ის თანაავტორობით გამოიცა ქრესტომათია „თანამედროვე ირანელი ავტორები - მხატვრული და არამხატვრული პროზა“ (2025). წიგნი მოიცავს სასწ. ტექსტებს, რ-ებსაც დართული აქვს სავარჯიშო მასალა კითხვების სახით. ბ.მ.-ს ეკუთვნის არაერთი თანამედროვე ირანელი ავტორის ნაწარმოებების თარგმანები ქართ. ენაზე. მათგან მნიშვნელოვანია სადეყ ჰედაიათის მოდერნისტული რომანის „ბრმა ბუ“ თარგმანი (2019). რომანი მიჩნეულია პირველ მოდერნისტულ რომანად სპარს. ლიტ-რაში. ქართ. თარგმანს ერთვის მთარგმნელის ვრცელი შესავალი და კომენტარები. მისივე თარგმანებიდან აღსანიშნავია თანამედროვე ირანელი ქალი ავტორის ფარიბა ვაფის რომანის „დასასრულის შემდეგ“ თარგმანი (2021), რ-იც საინტერესოა როგორც სამწერლო ხელოვნების თვალსაზრისით, ასევე, თანამედროვე ირანული სინამდვილის სიღრმისეული კვლევით. ბ. მ. რედაქტორობდა აღმოსავლურ ჟურნ. „არმაღანი“ (2016-202), სადაც იბეჭდებოდა აღმოსავლური ლიტ-რის ნიმუშების ქართ. თარგმანები.