ბურდული ვახტანგ შალვას ძე
ბურდული ვახტანგ შალვას ძე

ბურდული ვახტანგ შალვას ძე (09.XI.1945, თბილისი), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1969) და საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ-ტის ასპირანტურა ეკონომიკის სპეციალობით (1975). ასპირანტურის ხაზით მივლინებული იყო მოსკოვის ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინ-ტში (1973-1975),  ამავე ინ-ტში დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (1976-1977). ეკონომიკის მეცნ. დოქტორი (1999). საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის და სამართლის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1975-1977). საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის და სამართლის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1977-1980). საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის და სამართლის ინ-ტის ლაბორ. გამგე (1981-1994). საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ-ტის განყ-ების გამგე (1994-დან). მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2016-დან). ბ.ვ. არის 235 სამეცნ. ნაშრომის ავტორი (თანაავტორი) ეკონომიკურ მეცნიერებაში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მუშაობდა ქვეყნის ეკონ. განვითარების რეგულირების მექანიზმის განსაზღვრის და მისი პრაქტ. რეალიზაციის გზების შესწავლის საკითხებზე. გააშუქა სამრეწვ. პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხები. დიდი ყურადღებით იკვლევდა გლობალიზაციის გავლენის როლს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, შეისწავლა საინვესტიციო აქტივობის გაზრდის შესაძლებლობები. რ. აბესაძესთან ერთად შეიმუშავა ინოვაციური საქმიანობის განვითარების საკითხები გლობალიზაციის პირობებში. ნ. არევაძესთან ერთად სისტემურად გამოიკვლია დასაქმების დონის ზრდის რეგიონული ფაქტორები და მათი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე გააანალიზა სიღარიბის დონის შემცირების სტრუქტურული პოლიტიკის განხორციელების მექანიზმის სრულყოფის საკითხები და დაადგინა სიღარიბის დონის შემცირების რეგიონული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები (2010). რ. აბესაძესთან და ლ. დათუნაშვილთან ერთად ბ.ვ. მუშაობდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებზე, რის შედეგად გამოქვეყნებული იყო რამდენიმე სტატია. მან ასევე მოამზადა და გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია, რ-იც ეხებოდა სოფლის მეურნეობის დარგების ურთიერთკავშირის ანალიზს მათთან დაკავშირებულ მრეწვ. მომიჯნავე დარგებთან. ბ.ვ. მუშაობდა გლობალიზაციის პირობებში საქართველოში სექტორული, ტექნოლ. და ინსტიტუციურ-ორგანიზაციური სტრუქტურების განვითარების საკითხებზე, რამაც ასახვა ჰპოვა რიგ ნაშრომში, რ-იც გამოვიდა როგორც საქართვ., ასევე უცხოურ ჟურნალებში და წიგნის სახით საქართველოში (2012-2014). ბ.ვ. წლების განმავლობაში დიდი ყურადღებით იკვლევდა საქართვ. ეკონომიკის თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლების პრობლემებს. ის ამ თემას არაერთ სტატიაში განიხილავს, რ-ებიც პირდაპირ თუ ირიბად ამ პრობლემების გადაჭრის გზებს ეხება. ბ.ვ. მუშაობდა მეტად აქტუალურ თემაზე: საქართვ. ეროვნ.  ინოვაციური სისტემის თანამედროვე მდგომარეობა და მისი ფორმირების პრიორიტეტები (2017). ამ თემასთან კავშირში მომდევნო წლებში გამოვიდა რიგი ნაშრომი შესრულებული როგორც პირადად მისი, ასევე თანაავტორობითაც. ინოვაციური ეკონომიკის გარდა, ამჟამად პოპულარულია მწვანე ეკონ. და ცოდნის ეკონომიკის ცნებები. ამასთან დაკავშირებით მეცნიერმა დიდი ყურადღება მიაქცია ამ ორი ეკონომიკის არსის შესწავლასა და მათი ადგილის განსაზღვრას თანამედროვე ეკონომიკების სისტემაში. ბ.ვ. მუშაობდა: საქართვ. ეკონომიკის სექტორებში ინოვაციების გავრცელების ანალიზზე (2021) და ინოვაციური განვითარების სტრატეგიის დასახვაზე მომდევნო ათწლეულში (2021-2022); საქართვ. ეკონომიკის სექტორებში და მის რეგიონებში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და მათი გადალახვის გზების განსაზღვრაზე (2023-2025).

თხზ.: ბურდული, ვ. (2004). ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგულირების მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები (საქართველოს მაგალითზე). თბ., მეცნიერება, ISBN: 99940-0-051-9; ბურდული, ვ. (2006). სოციალური და ეკონომიკური განვითარების კოორდინაცია რეგიონულ და ლოკალურ დონეებზე. თბ., მერიდიანი, ISBN 99940-46-71-3; Burduli, V. (2010). Regional Factors of Employment Growth and Their Influence on Economic Development (Georgian Case Study). – The Caucasus & Globalization. Journal of Social, Political and Economic Studies. Volume 4. Issue 1-2. CA&CC Pressâ. SWEDEN; Бурдули В. (2014) Структурные и инновационные проблемы экономического развития. Тбилиси. Издательство института экономики П. Гугушвили, ISBN 978-9941-9361-0-4; Бурдули В. (2015). Проблемы повышения уровня самодостаточности экономики Грузии (структурно-отраслевой аспект). Центральная Азия и Кавказ. Журнал социально-политических исследований, Т.18; ბურდული, ვ. (2020). ინოვაციების სახეების კლასიფიკაცია და მათი გავრცელების სექტორული პრობლემები. ვრცელი რეზიუმე. ეკონომისტი, № 4 (ტომი XVI). გვ. 56-60;  ბურდული, ვ. (2020). საქართველოში ინოვაციების გავრცელების სექტორული და რეგიონული პრობლემები. – თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნ. შრომების კრებ. ტომი XIII, გვ. 98-179.  ISSN 1987-6904; Burduli, V. (2025). The State of Formation of the Innovative Economy in Georgia’s Regions and the Existing Economic Difficulties. J: EKONOMISTI, №3, Volume XXI. P. 17-32.