ბურჭულაძე გენადი თორნიკეს ძე
ბურჭულაძე გენადი თორნიკეს ძე

ბურჭულაძე გენადი თორნიკეს ძე (11. IV. 1940, ქ. ოზურგეთი — 14. V. 2006), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1968). სამეცნ. მოღვაწეობას ეწეოდა არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტში, ხოლო პედაგოგიურს — ცხინვალის პედ. ინ-ტის (ქ. გორი) ქართ. ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. მისი ძირითადი შრომები ეხებოდა ლაკურ–დარგუულ და ხუნძურ–ანდიურ–დიდოურ ენათა ისტ. ფონეტ-ს, მორფოლ. და ლექსიკას. მისი საგანგებო კვლევების საგანი იყო იბერიულ–კავკასიურ ენათა საერთო ლექსიკა, როგორც ამ ენათა შორის რეგულარული სახის კანონზომიერი ბგერათშესატყვისობების დადგენის ერთადერთი წყარო. იგი იყო ქართველური და მთის იბერიულ–კავკასიურ ენათა სპეციალისტი. გამოქვეყნებული აქვს 350-მდე ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია. მკვლევარმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სახელთა ბრუნვა ლაკურ ენაში“ (1970), სადოქტორო დისერტაცია შემდეგ საკითხზე:  „პიროვანი უღვლილების ჩამოყალიბება ლაკურ ენაში“ (1981). ბ. გ. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი(1982), პროფესორი (1987). ბ. გ. იყო შემდეგი ჟურნ.: „ბურჯი ეროვნებისას“, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“, „საენათმეცნიერო ძიებანისა“ და „ქართული მეტყველების კულტურის საკითხების“ რედკოლეგიის წევრი, აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტთან არსებული სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. მას მიენიჭა ღირსების ორდენი (2000), არნოლდ ჩიქობავას სახ. პრემია (2005).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბურჭულაძე, გ. (1987). ლაკური ზმნა: დრო-კილოთა სისტემა. მეცნიერება; ბურჭულაძე, გ. (1993). ზმნური სიტყვაწარმოება ლაკურ ენაში. მეცნიერება;  ბურჭულაძე, გ. (2002). პირის დაბოლოებათა წარმომავლობა ლაკურში. ქართული ენა; ბურჭულაძე, გ. (2003). შეიცან თავი შენი. ქართული ენა.