ბურჭულაძე ალექსანდრე
ბურჭულაძე ალექსანდრე

ბურჭულაძე ალექსანდრე (ცუცნა) (07.II.1931,თბილისი-01.IX.1993, თბილისი), ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი, საზოგადო და სახელმწ. მოღვაწე. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1954). ამავე წლიდან მოღვაწეობდა თსუ-ში ბირთვული ფიზიკის კათედრაზე იყო ასისტენტი, ინჟინერი, უფრ. მასწავლებლი, დოცენტი და ლაბორ. გამგე. ბ. ა.-მ თსუ-ში დააფუძნა რადიოაქტიური ნახშირბადის (C-14) ლაბორატორია, რ-იც იმ დროისათვის თავისი პროფილით იყო ერთადერთი ამიერკავკასიაში და ჰქონდა მაღალი სამეცნ. და პრაქტ. მნიშვნელობა. მისი ხელმძღვანელობით ლაბორატორიაში 30 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა რადიოაქტიური ნახშირბადის იზოტოპებით არქეოლოგიურ, გეოლოგიურ და ისტორიულ ნიმუშთა დათარიღების კვლევები, რომლებმაც საფუძველი დაუდეს მრავალ ქართულ სამეცნ. ნაშრომს და ქრონოლოგიურ კვლევას. 1967–1968 წლებში სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა დიდი   ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, სადაც კითხულობდა ლექციებს და აწარმოებდა ექსპერიმენტებს კემბრიჯის და ოქსფორდის უნ-ტებში. იგი მუშაობდა საქართვ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რის უფრ. რეფერენტად მეცნიერების დარგში (1969-1973), ამავდროულად საზოგადოებრივ საწყისებზე ხელმძღვანელობდა თსუ-ის ნახშირბად-14 ლაბორატორიას. 17 წლის განმავლობაში ლაბორატორია თანამშრომლობდა ბრატისლავის უნ-ტის ბირთვული ფიზიკის კათედრასთან (1973-დან). იგი ხელმძღვანელობდა თბილ. და ბრატისლავის უნ-ტების ერთობლივ პროექტებს ბუნებაში რადიოაქტიური ვარიაციების ეკოლ. პრობლემების შესასწავლად. საერთაშ. პროექტის ფარგლებში სამეცნ. მტკიცებულებით დასაბუთდა თერმობირთვული ბომბის აფეთქებებით გამოწვეული C-14-ის ვარიაციები ბრატისლავის ატმოსფერულ CO₂-ში (1967-1987) და ქართული ღვინოების ნიმუშებში (1950–1987). ბ. ა.-ს სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა რადიონახშირბადის მეთოდის განვითარებას და მის გამოყენებას მიწიერი და კოსმ. პროცესების შესასწავლად. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროს წარმოადგენდა კოსმ. სხივების ვარიაციები, ატმ. ნახშირორჟანგისა და რადიონახშირბადის კონცენტრაციის ცვლილება გამოწვეული ადამიანის საქმიანობის შედეგად, აგრეთვე არქეოლ. და პალეობოტანიკური ნიმუშების აბსოლ. ასაკის დადგენა. აკად. ა. აფაქიძესთან ერთად, გამოაქვეყნა ნაშრომი „საქართველოს არქეოლოგიური და პალეობოტანიკური ნიმუშების რადიონახშირბადული დათარიღება“ (1987),  რ-იც  ფართო  მოწონებით  იქნა  მიღებული  მეცნიერების სფეროში. მისი თანაავტორობით გამოქვეყნებულია სამი მონოგრაფია და 100-ზე მეტი სამეცნ. სტატია საერთაშ. ჟურნალებში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. სამეცნ. ფორუმში. ბ. ა. გახდა პირველი საბჭ. ფიზიკოსი, რ-საც მიენიჭა იან ამოს კომენსკის ოქროს მედალი (1987). იგი აირჩიეს ნიუ-იორკის უნ-ტის კვლევითი ცენტრის აკადემიის საპატიო დოქტორად (1993).