ბეზარაშვილი გიორგი სიმონის ძე (04. I . 1954, ქ. თბილისი). ქიმიკოსი, ქიმ. მეცნ. დოქტორი (2004). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი ქიმ. კინეტიკის სპეციალობით (1975). სწავლა გააგრძელა სსრკ მეცნ. აკადემიის ქიმ. ფიზიკის ინ-ტის მიზნობრივ ასპირანტურაში (ქ. მოსკოვი, 1978), წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მეთანის ალის ინჰიბირება არაორგანული მარილების ფხვნილებით“ (1981). ბ. გ.-მ მუშაობა დაიწყო თსუ-ის ქიმ. კინეტიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1986). მოგვიანებით დაიცვა სადოქტორო დისერტაციაც თემაზე: „რთულ ფიზიკურ-ქიმიურ პროცესთა მათემატიკური მოდელირების ზოგიერთი ასპექტი “(2004) და მუშაობა გააგრძელა პროფესორის თანამდებობაზე; არის თსუ-ის ფიზ. და ანალიზური ქიმიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ბ. გ.-ის სამეცნ. კვლევების თემატიკა ეხება აალების პროცესთა ჰეტეროგენულ ინჰიბირებასა და ქიმიურ პროცესთა მათემატიკურ მოდელირებას; აქვს 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, თანაავტორია 12 საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაზე გაკეთებულ მოხსენებათა თეზისების; მისი თანახელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია და 15 სტუდენტური სადიპლომო თუ სამაგისტრო ნაშრომი; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: „კატალიზი და ტექნიკური ქიმია“, „ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვა“, „მოდელირება ქიმიურ კინეტიკაში“, „ფიზიკური ქიმია". ბ. გ. იყო თსუ-ის ქიმიის დეპარტამენტში სამეცნ. ხარისხთა მიმნიჭებელი საბჭოს, აგრეთვე თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის საგამომცემლო საბჭოს წევრი.
თხზ.: ბეზარაშვილი, გ. (1989). ექსპერიმენტის დაგეგმვა. ლექციების მოკლე კურსი კატალიზისა და ტექქნიკური ქიმიის სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა.; ბეზარაშვილი, გ. (თანაავტორი). (1997). წვის თეორიული საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 5511006793; ბეზარაშვილი, გ. (თანაავტორი). (1999). ფენომენოლოგიური კინეტიკა. თბ., ინტელექტი, ISBN 9992831146; ბეზარაშვილი, გ. (თანაავტორი). (2018). ფიზიკური ქიმია: 1: ლექციების კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941137297; ბეზარაშვილი, გ. (თანაავტორი). (2019). ფიზიკური ქიმია: 2. ლექციების კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941137297.