-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი რუსთველოლოგი ენათმეცნიერი
ბერიძე ვუკოლ მიხეილის ძე (15. II. 1883, ქ. ხონი — 11. V. 1963, თბილისი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, პედაგოგი. დაამთავრა ხონის სემინარია და იქვე დაიწყო მასწავლებლობა (1902). ექსტერნად ჩააბარა გამოცდები ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში და მიიღო სიმწიფის ატესტატი (1907). მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისსა და თბილისში პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ (1912). ამავე წელს შეადგინა „სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა“. კითხულობდა ქართ. ენისა და ლიტ-რის კურსს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნ-ტში (1922–1932). მოღვაწეობდა თსუ-ში (1932). ამავე წელს გახდა პროფ. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა შემდეგი ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო (1926), ფიზ. და ელექტროტექნიკის (1928), ენისა და ლიტ-რის (1928), ნორმალური ანატომიის (1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის (1932), ტექნიკურის (1936), მემცენარეობის (1938), ენტომოლოგიის (1938), საავიაციო (1945), ნიადაგთმცოდნეობის (1950) და სხვ. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი რუსთველოლოგიიის, ქართ. ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხზე. მათგან აღსანიშნავია: „ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის“, რ-შიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნულ ძირებს, მის კავშირს ქართ. ფოლკლორთან. იყო საქართვ. მეცნ. აკად. წ.–კორ. (1948). გადასცეს გიორგი ნიკოლაძის სახ. პრემია (ჯგუფთან ერთად, გარდაცვალების შემდეგ) (1978).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბერიძე, ვ. (1961). რუსთველოლოგიური ეტიუდები. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ.