ბერაძე შოთა ფილიპეს ძე
ბერაძე შოთა ფილიპეს ძე

ბერაძე შოთა ფილიპეს ძე (15.VI. 1908. სოფ. ცახი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი-22.VIII. 1980, თბილისი), ეკონომისტი, მეცნიერების დამს. მოღვაწე, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის სოციალ-ეკონ. ფაკ-ტი (1929-1934), დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ასპირანტურაში (1934), მუშაობდა ეკონომიკის კათედრაზე ასისტენტად; გაგზავნეს მოსკოვში დისერტაციაზე სამუშაოდ, რ-იც დაიცვა თსუ-ში თემაზე „საშუალო სიდიდეების თეორიული საფუძვლები“ (1937) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. წოდება, შემდეგ კი დაიკავა დოცენტის თანამდებობა (1939). მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, საიდანაც ადრე გათავისუფლდა და დაუბრუნდა უნ-ტს. ბ. შ. იყო ეკონ. ფაკ-ის დეკანის მოადგილე, შემდეგ კი დეკანი (1946-1958); იგი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა სტუდენტთა აღზრდის საქმეს; პროფ. გ გამყრელიძის გარდაცვალების შემდეგ, დოცენტი  ბ. შ. ორჯერ იქნა აირჩეული სტატისტ. კათედრის გამგედ (1954-1977); მიიღო  ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხი, შემდეგ  პროფესორის სამეცნ. წოდება (1979). პროფ. ბ. შ.-ს კვლევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მისახლეობის რიცხოვნობის, შემადგენლობისა და კვლავწარმოების ძირითადი პრობლემები, სწორედ ამ სახელწოდებით დაწერა ვრცელი მონოგრაფია, რ-იც წარდგენილი იქნა მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად. დიდია მისი როლი საქართვ. მოსახლეობის საკავშირო აღწერებში; იგი იყო საქართვ. ცენტრ. სტატისტ. სამმართველოს კონსულტანტი და და სამეცნ. საექსპორტო საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია მრავალი სიგელითა და ფოლადი პრემიით. მისი შრომები ეხებოდა იმდროინდელ აქტუალურ საკითხებს.

თხზ. ბერაძე, შ. (1934). საბჭოთა ვაჭრობა. თბ., სახელგამი; ბერაძე, შ. (1946). თეორიული სტატისტიკა. თბ., ვაჭრობის სამმართველო; ბერაძე, შ. (1949). ეკონომიური სტატისტიკა. თბ., უნტ-ის გამ-ბა; ბერაძე, შ. (1958). შოგიერთი ეკონომიური ტერმინის ქართული შესატყვისის შესახებ. თბ., უნტ-ის გამ-ბა; ბერაძე, შ. (1979). სტატისტიკის ზოგადი თეორია. თბ., უნტ-ის გამ-ბა.