-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ასტრონომი გეოდეზისტი
ბენაშვილი ანრია მიხეილის ძე (4. 1X.1867, ყვარელი – 22. VI. 1941, ქ. სოხუმი, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე), გეოდეზისტი, ასტრონომი, პედაგოგი, პროფესორი (1927), სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, მეცნ. დამს. მოღვაწე (1941), თსუ-სა და პოლიტექნ. ინ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი. დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი (1885). სწავლის პერიოდში მან დააარსა ყოველთვიური სალიტერატორო ხელნაწერი ჟურნ. „შრომა“, რ-იც მისი რედაქტორობით გამოდიოდა (1882-1884). ერთ-ერთ ნომერში მოთავსებულია მისი ხელით შედგენილი „რუქა საქართველოჲსა თარგამოსიანთა ხელში“ (1883). ბ. ა. პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა მოსკოვის ალექსანდრეს სამხ.-საუწყებო სამხ. სასწავლებელი (1887), I თანრიგის დიპლომით გენშტაბის ნიკოლაევის აკად. გეოდეზიური განყ-ბა (პეტერბურგი, 1899). გაიარა პრაქტიკული კურსი პულკოვოს ობსერვატორიაში პრაქტიკულ ასტრონომიასა და უმაღლ. გეოდეზიაში (1899–1901), აკადემია ასტრონომიისა და გეოდეზიის განხრით და მიიღო გენერალური შტაბის ოფიცრის წოდება (1901). მუშაობდა პულკოვოს მთავარ ასტრონომიულ ობსერვატორიაში (1899-1901). იქვე დაწერა სადისერტაციო ნაშრომი – „განედის განსაზღვრა ორი ვარსკვლავის შესატყვის სიმაღლეთა და ამ ვარსკვლავთა ზენიტურ მანძილთა მცირე განსაზღვრების გაზომვის მიხედვით“. ნაშრომი გამოქვეყნდა გენერალური შტაბის კრებულში და შემდეგ ითარგმნა გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ბ. ა. მსახურობდა ასევე: გენერალურ შტაბში ტრიანგულაციის დასავლეთის სასაზღვრო სივრცის სამმართველოს უფრ. თანაშემწედ (1901-1904), შემდეგ უფროსად (1904-1914), ლაიბ-გვარდიის იზმაილის პოლკში საცენზურო სამმართველოს ასეულის მეთაურად (1902-1903). მუშაობდა სანკტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინ-ტის გეოდეზიის კათედრის გამგედ, კითხულობდა ლექციებს სამხ. საინჟ. აკადემიაში (1902-1918). იყო პეტროგრადის (პეტერბურგის) სამხ.-საინჟ. აკად. გეოდეზიის კათედრის გამგე (1905-1916), სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სხვადასხვა არმიის კორპუსის შტაბში უფროსად (1916-1917), ქართულ არმიაში 32-ე საარმიო კორპუსის შტაბში (1917-1918, უფროსად), ქართულ ჯარში (1918-1921), საქართვ. დემოკრატიული რესპ. მთავრობის სამხ. სამინისტროში მინისტრის თანაშემწე (1918-1921), მუშაობდა ამიერკავკ. არმიის სამხ.-ტოპოგრაფიულ განყ-ში (1918-1921). ბ. ა. ხელმძღვანელობდა: სანკტ-პეტერბურგის ტექნოლ. ინ-ტის გეოდეზიის კათედრას, შემდეგ სამხ.-საინჟინრო აკად. გეოდეზიის კათედრას, თსუ-ის ასტრონ. და გეოდეზიის კათედრას (1918-1936), თსუ-ის მათ. და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტს (1919-1921, დეკანი), თბილ. პოლიტექ. ინ-ტის გეოდეზიის კათედრას (1919-1927). იყო თბილ. გეოფიზიკური ობსერვატორიის პირველი ქართვ. დირექტორი. მუშაობდა აგრეთვე ქუთ. პედ. ინ-ტში, სოხუმის გეოგრ. ინ-ტში (1936-1941). ბ. ა.-ს ეკუთვნის ორ ათეულამდე ნაშრომი ასტრონ. და გეოდეზიის საკითხებზე. მანვე შეადგინა პირველი ქართ. სახელმძღვანელოები: უმაღლ.ი გეოდეზია. ბ. ა.-ს მინიჭებული ჰქონდა: წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენები (1907, 1913), წმინდა სტანისლავის III და II ხარისხის ორდენები (1907, 1913), წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (1915).
თხზ.: ბენაშვილი, ა. (1926,1933). სფერული ტრიგონომეტრია. ტფ.; ბენაშვილი, ა. (1933). ტოპოგრაფია. ტფ.; ბენაშვილი, ა. (1938). სფერული ასტრონომია. თბ., 1938; ბენაშვილი, ა. (1965). ცდომილებათა თეორია. თბ.
ლიტ.: ტოგონიძე, გ. (1966). გამოჩენილი ასტრონომი. საბჭოთა ხელოვნება, № 12, გვ. 69; მაღრაძე ნ. (1968). ასტრონომიული მეცნიერება უნივერსიტეტში. თბილისის უნივერსიტეტი, ივნისი; ბენაშვილი ანდრია. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, (1977), ტ. 2, გვ. 302; ბოლაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640; მჟავიამ, ნ., კურტანიძემ, ჯ. (2018). ანდრია ბენაშვილი: 1867-1941: გამოფენის მეგზური. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941137730.