ბექაური ფირუზ ივანეს ძე
ბექაური ფირუზ ივანეს ძე

ბექაური ფირუზ ივანეს ძე (28.I.1939, სოფ. არხილოსკალო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი-18.III.1972, დაღესტანი, ყიზლარი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი რადიოფიზიკის სპეციალობით (1962); სწავლის პერიოდშივე მიიპყრო პროფესორ-მასწავლებლების ყურადღება, როგორც გამორჩეულად ნიჭიერმა და შრომისმოყვარე სტუდენტმა. სწავლის დასრულების შემდეგ ბ. ფ.-მ მიიღო დაბალი ტემპერატურების სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიიდან შეთავაზება უმცროსი მეცნიერ-მუშაკის პოზიციაზე. თანდაყოლილი ანალიზის უნარები და გუნდური მუშაობისადმი მიდრეკილება საოცარ მეცნიერულ მიგნებებში გადაიზარდა, შეისწავლა რადიოსიხშირულ დიაპაზონში პარამაგნიტური ნაწილაკების ქცევის თავისებურებები ელექტრომაგნიტური ენერგიის ცვლილებისას. ბ. ფ. სამეცნ. კვლევების ძირითადი სფერო იყო ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსი. კოლეგებთან ერთად დაგეგმილ და განხორციელებულ  ექსპერიმენტებში, ბ. ფ.-ს მოსაზრებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რამდენიმე პარამეტრის სიზუსტე. მიღებულმა შედეგებმა აღნიშნული სფეროს სამეცნ. საზ-ების ფართო ინტერესი გამოიწვია. მისი თანამონაწილეობით მიღებული კვლევის შედეგები აისახა 6 სამეცნ. ნაშრომში, რ-იც გამოქვეყნებულია საბჭოთა და საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. კოლეგების შეფასებით, ბ. ფ.-ის მიერ მომზადებული საკანდიდატო სადისერტაციო ნაშრომი ბევრად აღემატებოდა შესაბამის მოთხოვნებს. ბრწყინვალე დაცვა ვეღარ შედგა - იგი, 33 წლის ასაკში, ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა.