ბედოშვილი გურამ
ბედოშვილი გურამ

ბედოშვილი გურამ (4. I. 1932, სოფ. ანანური, დუშეთის რაიონი — 8. I. 2010), ენათმეცნიერი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი (1960). მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ენათმეცნ. ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბაში უფრ. ლაბორანტის თანამდებობაზე (1961). იყო აღნიშნული განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1962-1965). ასრულებდა ინ-ტის სწავლული მდივნის მოვალეობას (1965-1972), საიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მიზნით. იგი აირჩიეს ინ-ტის სწავლულ მდივნად (1975) და მუშაობდა ამ თანამდებობაზე (1982-მდე). იყო ენათმეცნ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1982-დან), ონომასტიკური კვლევის პრობლემური ლაბორ. გამგე (1993-2006), ამავე ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2009). მისი სამეცნ. ინტერესი შეეხებოდა ქართ. ისტ. ტოპონიმიკას, გეოგრაფიულ სახელთა სისტემას. მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „ერწო-თიანეთის ტოპონიმიკის ძირითადი საკითხები“ (1975), სადოქტორო დისერტაცია — „ქართული ტოპონიმიკის ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევის ძირითადი საკითხები“ (2002). იგი იყო ასოციაცია „არაგველის“ წევრი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბედოშვილი, გ. (1972). ტყეში ბევრი ზღაპარია: უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის. ნაკადული; ბედოშვილი, გ. (1975). შუადღისას მოსაყოლი ზღაპარი: სასკოლო ასაკის ბავშვთათვის. ნაკადული; ბედოშვილი, გ. (1980). ერწო-თიანეთის ტოპონომია. მეცნიერება; ბედოშვილი, გ. (2002). ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა. ISBN: 999289136X.