ბათიაშვილი ირაკლი დიმიტრის ძე
ბათიაშვილი ირაკლი დიმიტრის ძე

ბათიაშვილი ირაკლი დიმიტრის ძე (08. VII. 1961, თბილისი) მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი. დაამთავრა თბილ. პირველი საშ. სკოლა. სწავლობდა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტზე (1978-1983). იყო ეროვნ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1987-დან) და 9 აპრ. საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რ-იც საბჭ. ჯარისკაცებმა  სასტიკად ჩაქოლეს და რუსთაველის გამზირზე ცხედრებს შორის იპოვეს (1989). ბ. ი. იყო საბჭ. საოკუპაციო ჯარში გაწვევის ბოიკოტის ორგანიზატორი; საქართვ. რესპ. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფრ. (1992-1993); მისი ხელმძღვანელობით დაიშალა „სუკი“ (КГБ-სახელმწ. უშიშროების კომიტეტი) და საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართვ. ეროვნ. სპეციალურ სამსახურს. მან საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავ-რის თანამდებობა პირადი და საჯარო განცხადებით დატოვა, ვინაიდან წინააღმდეგი იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართვ. გაწევრიანებისა; ასევე კონფლიქტების ანალიზისა და პროგნოზირების კვლევითი ცენტრის უფრ. (1994-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-1999) (თბილ. ვაკის მაჟორიტარი); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (1999-2004); პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავ-რე (2002-2003). ბ. ი.-მ დაამთავრა საერთაშ. და უსაფრთხოების სპეციალური ინ-ტის უმაღლ. განათლების ჯორჯ მარშალის ევროპ. ცენტრი (2002); გაიარა შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა ჰარვარდის უნ-ტში (2003); იყო თსუ-ის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2004-2006); მიენიჭა ფილოს. მეცნ. დოქტ. ხარისხი (2004), სადისერტაციო ნაშრომი: „პიროვნების პრობლემა და შინაგანი დრო“. კოდორის ხეობასთან დაკავშირებული კრიზისის დროს (2006 წ-ის ივლ-ში) ბ. ი. აპროტესტებდა ხეობაში ჯარის შეყვანას და საქართვ. ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა. ბ. ი. თბილ. საქალაქო სასამართლომ გაასამართლა საქართვ. სისხლის სამართლის კოდექსის 25, 315 მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (2007). ქართ. საზ-ბა და საერთაშ. ორგანიზაციები მას პოლიტიკურ პატიმრად ცნობდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპ. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ბ. ი-ს მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და დააკისრა სახელმწ. ფულადი კომპენსაციის გადახდა დაზარალებულისათვის (2019). ციხეში ყოფნის პერიოდში იგი აირჩიეს „ქართული აკადემიის“ საპატიო წევრად (2007). საქართვ. პრეზიდენტის, №14 განკარგულების თანახმად, ბ. ი. გაათავისუფლეს (2008). იგო კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნ-ტში (2009-დან). იყო სახ. კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი (2010); ევროპ. უნ-ტის პროფესორი და თსუ-ის მოწვეული პროფესორი (2019-2024); თსუ-ის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ფილოს. სასწ.-სამეცნ. ინ-ტის, ესთეტიკისა და კულტ. ფილოს. კათედრის ხელმძღვ. (2024-დან);  გამოცემული აქვს არაერთი სამეცნ. ნაშრომი, მაგ.: „დანაღმული ველი“ (2009); „სამყაროთა შეჯახება და საქართველოს ბედი“ (2011); „ენიგმა“ (2013); „ზეკაცის სინთეზური ფენომენის შესაძლებლობა დასავლურ აზროვნებაში“ (2023) და ა.შ.

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბათიაშვილი, ი. (2014). პერსონალური სიცოცხლე და ედმუნდ ჰუსერლის მოძღვრება დროის შინაგანი ცნობიერების შესახებ. თბ., აზრი; ბათიაშვილი, ი. (2016). მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა. თბ., ჩვენი მწერლობა; ბათიაშვილი, ი. (2019). შელინგის გამოცხადების ფილოსოფია. თბ., დანი; ბათიაშვილი, ი. (2022). დასავლური პოლიტიკური ფილოსოფია. თბ., ფრანი.