-
ავტორი
- კატეგორიები: ასტრონომი
ბართაია რამზე (რაისა) ალექსანდრეს ასული (25. X.1921, სოფ. ლეხაინდრაო, მარტვილის რაიონი-30.IV.2015, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი, ასტრონომიის სპეციალობით (1946) და იმავე წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. აღმოაჩინა ახ. ვარსკვლავი გველის თანავარსკვლავედში (Nova Serpentis 1948), რაც ობსერვატორიაში აღმოჩენილი პირველი ახალი ვარსკვლავი იყო (1948). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სპექტრული აბსოლუტური სიდიდეების განსაზღვრა სუსტი В5-А7 ტიპის ვარსკვლავებისათვის,“ (1951) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ვარსკვლავთა მასობრივი ორგანზომილებიანი სპექტრული კლასიფიკაცია კაპტეინის არეებში და მისი მონაცემების გამოყენება ვარსკვლავთ ასტრონომიული ამოცანების გადაჭრისთვის“ (1980). იგი იყო „გალაქტიკის აგებულებისა და ევოლუციის“ განყ-ბის ხელმძღვ. (1980-1989). მან საფუძველი ჩაუყარა ვარსკვლავთა სპექტრულ კლასიფიკაციას შედარებით მცირე დისპერსიის სპექტრებით, რაც საბჭ. კავშირში ახალი სამეცნ. მიმართულებად ჩამოყალიბდა. მან შეიმუშავა ორგანზომილებიანი MK-კლასიფიკაციის სპექტრული კრიტერიუმები, პეკულარობათა გათვალისწინებით, აბასთუმნის 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპის სპექტრებისათვის. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები იმ დროისათვის მხოლოდ მიჩიგანის ობსერვატორიასა და აბასთუმანში მიმდინარეობდა. მის მიერ კლასიფიცირებულია 100 000-ზე მეტი ვარსკვლავი, აღმოჩენილია რამდენიმე ასეული პეკულარული ობიექტი. ბ. რ. 68 სამეცნ. ნაშრომის ავტორია. მათ შორის: „მზის სრული დაბნელება და მარტივი დაკვირვებანი“ (1954); „მაღალ გალაქტიკურ განედებზე მდებარე B 8 და 9 სპექტრული ტიპების 137 ვარსკვლავის სპექტრული აბსოლუტური სიდიდეები“ (1955); „Массовая двумерная спектральная классификация звезд в Площадках Каптейна и применение ее данных к решению звездноястрономических задач“ (1979); „კაპტეინის NN 44-67 არეების 6042 ვარსკვლავის სპექტრული კლასებისა და ნათობის კლასების კატალოგი (თანაავტორი, 1992); „ვარსკვლავთა სპექტრული კლასიფიკაცია და გალაქტიკის აგებულება“ (1999); „The Catalogue of Spectral end Luminosity class of 3879 Stars in Kapteyn Areas Nos (თანაავტორი, 2003). მის შრომებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის მიერ შემუშავებულ სპექტრულ კრიტერიუმებსა და ოთხ კატალოგს კაპტეინის 115 არის ვარსკვლავებისათვის. ეს კატალოგები განთავსებულია სტრასბურგის ასტრონომიულ მონაცემთა ცენტრის ბაზაში. იგი ასევე არის სახელმძღვანელოს: „ვარსკვლავთა სპექტრული კლასიფიკაცია“ (1999) ავტორი, რ-იც უნ-ტის სტუდენტებისთვის შეიქმნა. მან ჩამოაყალიბა ვარსკვლავთა სპექტრული კლასიფიკაციის სამეცნ. სკოლა. მისი ხელმძღვანელობით სპეციალურ პრაქტიკას გადიოდნენ თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადის, ოდესის უნ-ტების სტუდენტები. მის მიერ აღზრდილი მოწაფეები და ასპირანტები დღესაც აგრძელებენ მუშაობას მისივე მიმართულებით გერმანიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, უკრაინასა და რუსეთში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 სამეცნ. დისერტაცია. მიენიჭა საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება (1988). იყო საერთაშ. ასტრონ. კავშირის (IAU) №39 (ვარსკვლავთა სპექტრები) და №45 (ვარსკვლავთა სპექტრული კლასიფიკაცია) კომისიების წევრი (1955-დან) და №45 ორგკომიტეტის წევრი (1976-1982). იგი იყო საკავშ. მეცნ. აკადემიის ასტრონ. საბჭოს სპექტრული კლასიფიკაციის კომისიის ხელმძღვ. და სოციალ. ქვეყნების პრობლემური კომისიის „ვარსკვლავთა ფიზიკა და ევოლუცია“ მუდმივი წევრი.