ბარამიძე რევაზ გრიგოლის ძე
ბარამიძე რევაზ გრიგოლის ძე

ბარამიძე რევაზ გრიგოლის ძე (18.V.1928, ქ. თბილისი-7.VIII.2010) ფილოლოგი, პედაგოგი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა თბილ. №7 ვაჟთა საშ. სკოლა (1945) და სწავლა განაგრძო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტზე (1951). კ. კეკელიძის ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის სრული კურსი და დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი ძვ. ქართ. ლიტერატურის განხრით („ქართული საისტორიო და ორატორული პროზა“, 1954). წლების განმავლობაში ბ.რ. მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტში, სადაც ხელმძღვანელობდა ძვ. ქართ. ლიტერატურის განყ-ბას. იგი ძვ. ქართ. ლიტერატურის კურსს კითხულობდა თსუ-ში, გორის, ცხინვალის, თელავის პედ. ინ-ტებში,  დაარსების დღიდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სას. აკადემიაში. ბ.რ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა, რ-ებშიც განხილულია ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტ. საკვანძო საკითხები. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა ი. ხუცესისა და გ. მერჩულის შემოქმედებას. საგანგებო გამოკვლევები მიუძღვნა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ სხვადასხვა ასპექტს: „მონაზვნური ცხოვრების წესი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, „ქრისტოლოგიური საკითხები მერჩულეს შემოქმედებაში“. მან გ. მერჩულეს შემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა ნაშრომი გააერთიანა მონოგრაფიაში „გიორგი მერჩულე – ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება“ (2003), საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა X-XVIII სს. ქართ. ისტ. და ორატორულ პროზას, რ-შიც განიხილა გ. მერჩულეს, სულხან-საბა ორბელიანის, ა. ნეკრესელის, გ. რექტორისა და სხვ. ქართვ. მოღვაწეთა შემოქმედება (1979). ცალკე გამოკვლევები მიუძღვნა ი. ხუცესის „შუშანიკის წამებას“, არჩილისა და ანტონ I-ის შემოქმედებას. ბ.რ. იყო საქართვ. მწერალთა კავშირის, რუსთაველის საზ-ების, საზ-ება „მესხეთის“ წევრი, არჩეული იყო საქართვ. განათლების მეცნ. აკად. ნამდვილ წევრად. დაჯილდოებული იყო ე. თაყაიშვილის დიდი მედლით, ღირსების ორდენით.

თხზ.: ბარამიძე, რ. (2001). წინ–ილიასაკენ: ეროვნული ცნობიერება. მერანი; ბარამიძე, რ. (2005). დავითიანში განფენილი ზოგიერთი პრობლემა.