ბალაძე ვლადიმერ
ბალაძე ვლადიმერ

ბალაძე ვლადიმერ (9.VIII.1951 სოფ. გეგელიძეები ქედის რაიონის).  მათემატიკოსი,  თსუ-ის  ფიზ-მათ. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა გეგელიძეების რვაწლიანი და ცხმორისის საშ. სკოლები,  თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი, საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა,  პროფესორ გიორგი ჭოღოშვილისა  და პროფესორ ლაზარე ზამბახიძის ხელმძღვანელობით. ფიზ-მათ. მეცნ. კანდიდატი (1981).  სამეცნ.-პედ. საქმიანობა დაიწყო თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე (1976), მუშაობდა   ბათუმის სახელმ. უნ-ტში (1990-2005). ბათუმის სახელმწ. უნ-ტის პრორექტორად (2005-2006)  და რექტორად (2006-2007). ხელმძღვ. ბათუმის უნ-ტის მათ. დეპარტ. (2008-2023).  უნ-ტში მას მიჰყავდა ძირითადი კურსი ტოპოლოგიაში და სპეც. კურსები ზოგად ტოპოლოგიაში, ალგებრულ ტოპოლოგიაში, გეომეტრიულ ტოპოლოგიაში და ექვივარიანტულ ტოპოლოგიაში. შექმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ტოპოლოგიაში (2016) და გამოსაცემად მოამზადა მონოგრაფია გეომეტრიულ ტოპოლოგიაში. იგი არაერთხელ იყო მიწვეული საფრანგეთის (ლიონი), ფინეთის (ტაემპერე), გერმანიის (ზაარლენდი, ზაარბრიუკენი, კემნიცი) და მოსკოვის უნ-ტებში. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა სივრცეთა კლასის მოდულით განზომილების თეორია; ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა ფიბრული შეიპური თეორია; ტოპოლოგიურ სივრცეთა კოშეიპური თეორია; სივრცეთა საზღვრული ჰომოლოგიის თეორია. მის მიერ აგებულია სავსებით რეგულარულ სივრცეთა ფუნქციონალური (კო)ჰომოლოგიის თეორია და გამოკვლეულია ტოპოლოგიის ცნობილი პრობლემა: ვიპოვოთ ის აუცილებელი და საკმარისი პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში სივრცეს გააჩნია კომპაქტიფიკაცია ან ნაზრდი მოცემული (კო)ჰომოლოოგიის ჯგუფით, შეიპით და კოჰომოლოგიური განზომილებით; გამოკვლეულია ალექსანდერ-სპანიერის ნორმალური (კო)ჰომოლოგიის თეორია; დამტკიცებულია უწყვეტ ასახვათა აპროქსიმაციის თეორემები და მათი გამოყენებით მოცემულია კომპაქტურ ჰაუსდორფის სივრცეთა ჩეხის (კო)ჰომოლოგიის თეორიის აქსიომატიკური დახასიათება ფარდობითი ჯგუფების გამოყენების გარეშე. ბ. ვ.-მ ბათუმის უნ-ტში შექმნა და განავითარა ტოპოლოგიური სკოლა.  ამ სკოლის წარმომადგენლები გ. ივანაძე, ა. ბერიძე, მ. ძაძამია, ლ. თურმანიძე, რ. ცინარიძე და ფ. დუმბაძე გახდნენ  ტოპოლოგი მათემატიკოსები.  ბ. ვ. არის Tbilisi Mathematical Journal-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი და Mathematical Reviews-ს და zbMATH-ის რეფერენტი.