ბაინდურაშვილი აკაკი გიორგის ძე
ბაინდურაშვილი აკაკი გიორგის ძე

ბაინდურაშვილი აკაკი გიორგის ძე (10.II.1924, კასპი - 2003, თბილისი), მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი ფსიქოლოგიის სპეციალობით (1951). იყო დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1954–1960), ფსიქოლოგიის მეცნ. კანდ. (1955), თსუ-ის დოცენტი (1960–1968) და დოქტორი (1969). დაიცვა დისერტაცია თემაზე: “სახელდების პრობლემა ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში”. იყო თსუ-ის პროფესორი (1969) და თსუ-ის ასაკობრივი და პედ. ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1980-2003), თსუ-ის პირველი პრემიის ლაურეატი მონოგრაფიისთვის: “სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია” (1972). სხვადასხვა დროს შეთავსებით მუშაობდა ქართ.  ენციკლოპედიის რედაქციაში რედაქტორად, ტექ.  ესთეტ. საკავშ. ინ-ტის საქართვ. ფილიალში - ლაბორატორ. გამგედ და შ. რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში - შემოქმედების ფსიქოლოგიის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად. იყო ლინგვისტური იკონიზმის საერთაშ. ასოციაციის წევრი და ღირსების ორდენის მფლობელი სტუდენტ-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის (1998). ბ. ა. იყო 76 გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი ზოგად, ბავშვის, პედაგოგიურ, შემოქმედების, შრომისა და საინჟ. ფსიქოლოგიაში. მისი საკვლევი სფერო მოიცავდა სახელდების, ნიშნისა და ენობრივი ნიშნის პრობლემას ფსიქოლინგვისტიკის, ენათმეცნ. და სემიოტიკის მიჯნაზე. შეიმუშავა 20-მდე ორიგინ. ექსპერ. მეთოდი და ნიშნის ორიგინ. ფსიქოლ.  თეორია. საინჟ. ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტულად დაასაბუთა, რომ კომუნიკაციის ვიზუალური საშუალებები ექვემდებარება იმავე კანონზომიერებებს, რასაც ენობრივი ერთეულები. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დ. უზნაძის განწყობის თეორიის ფუნდამენტური საკითხების (განწყობის პირველადობა, ილუზიების ბუნება, განწყობის ცვლის კანონი) დამუშავებაში. ბავშვის ფსიქოლოგიაში იკვლევდა სკოლის რეფორმის, პედ. ტესტირებისა და მასწავლებელთა ატესტაციის პრობლემებს, ხოლო თეატრის ფსიქოლოგიაში - მსახიობის ნიჭის სპეციფიკასა და აზროვნებას შემოქმედებით პროცესში. ბ. ა. იყო ყველა საკავშ. ფსიქოლოგთა ყრილობისა და მრავალი საკავშ. კონფერენციის, ფსიქოლოგთა XIX, XXI და XXII საერთაშ. კონგრესების მონაწილე. ლექციებს კითხულობდა პოზნანის უნ-ტში (პოლონეთი, 1978). მისი კვლევის შედეგები შეტანილ იქნა საფრანგეთში ჟ. პიაჟესა და პ. ფრენსის მიერ გამოცემული ექსპერ. ფსქოლოგიის მრავალტომეულში. პერიოდულ გამოცემებსა და სამეცნ. კრებულებში გამოქვეყნებულია მისი სტატიები და საკონფერენციო მოხსენებები: „სახელდების პრობლემისათვის ფსიქოლოგიაში“ (თსუ-ის სტუდ. 13-ე სამეცნ. კონფ. 1951); „სახელდების პროცესის შემეცნებითი როლისათვის“ (მეცნ. აკად. ასპირ. მე-6 კონფერენცია, 1955), „ექსპერიმენტული მასალები სახელდების პრობლემისათვის“ (“ფსიქოლოგია” ტ.11, 1957); „ზოგიერთი ექსპერიმენტული მონაცემი სახელდების საკითხის შესახებ და მათი მნიშვნელობა ენობრივი ნიშნის რაობის პრობლემისათვის“ (ფსიქ. ინ-ტის მე-13 სამეცნ. კონფ., 1957), „რომელობით მასალაზე შექმნილი განწყობის მოქმედების კონტრასტული ეფექტის საკითხისათვის“ (თსუ-ის შრომები 97, ფილოს. მეცნ. სერია, 1961), „სიტყვის მნიშვნელობის წვდომის პრობლემისათვის“ (თსუ-ის შრომები ტ.128, 1968); „ფონეტიკური სიმბოლიზმის თეორიის შესახებ“ (პედ. და ფსიქოლ. კათედრების II სამეცნ.-მეთოდური კონფერენცია, 1969); „შრომის მეცნიერული ორგანიზაცია და ფსიქოლოგია“ (“ტექნიკური ესთეტიკისა და შრომის მეცნიერული ორგანიზაცია” კრებ, 1976); „К вопросу постижения значения незнакомого слова в вербальном контексте“ (VII ЗВК конференция психологов, 1977); „მსახიობი და სიტყვის გრძნობა“ (“თეატრალური ძიებანი” ტ. 8, 1979); „აზროვნების სპეციფიკის საკითხისათვის პროცესში“ (“თეატრალური ძიებანი” ტ. 10, 1980); „სიტყვის ბგერითი მხარისა და მნიშვნელობის ურთიერთშესატყვისობის მნემური ღირებულება“ (თსუ-ის შრომები ტ. 222, 1981); „К вопросу взаоმной адаптации школьного психолога и школьного коллектива“ (”Психологическая служба в школе“ т.I, 1983); „სასკოლო რეფორმა და ფსიქოლოგია“ (“საქართველოს კომუნისტი” №9, 1984); „განწყობის თეორიის ერთი პოსტულატის შესახებ“ (თსუ-ის შრომები ტ. 255, 1986); „Об одном постулате теории установки Д. Узнадзе“ (Труды ТГУ, №255, 1986); „არაცნობიერის გაგების საკითხისათვის დ. უზნაძის განწყობის თეორიაში“ (“თეატრალური ძიებანი” ტ. 19, 1994); „მსახიობის ნიჭის სპეციფიკურობის საკითხისათვის“ (“თეატრალური ძიებანი” ტ. 19, 1994); „პედაგოგიკა და პედაგოგიური ფსიქოლოგია“ (საქართვ. პედ. მეცნ. აკადემიის მოამბე №1, 1998) და „ქართული ფსიქოლოგიური სკოლა“ (მეცნიერება და ტექნიკა, მარტი-აპრილი, 1998).
თხზ.:ბაინდურაშვილი, ა. (1971). სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბაინდურაშვილი, ა. (2000). ნევროზები და გივი მაზმიშვილის ფსიქოთერაპიული სეანსები. თბ., უნ-ტის გამ-ბა.