-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ავქოფაშვილი გურანდა (19.IIX.1988, ბოლნისის რაიონი). დაამთავრა კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლა (2005). დაამთავრა საქართვ. ტექნ. უნ-ტი „ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზა“ ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებით ბაკალავრიატი (2009), მაგისტრატურა ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის მიმართულებით (2011). თსუ–ის ქიმიის დოქტორი „ტექნოგენურად დაბინძურებულ ნიადაგებზე მძიმე ლითონთა ფიტომიგრაცია" (2018), თსუ-ის ელ. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტის მთავარი მეცნიერი, გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვ. (2025-დან). სამეცნ. კვლევებს ახორციელებს ნიადაგის დაბინძურების, რემედიაციის და აღდგენის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. კვლევებს აწარმოებს ნიადაგის დაბინძურებისა და რეკულტივაციის მიმართულებით. მას აქვს მონაწილეობა მიღებული და ხელმძღვანელობდა სამეცნ. პროექტებს როგორც ადგილობრივს ასევე საერთაშორისოს, მათ შორის: "სამთომოპოვებით გამოწვეული დეგრადირებული ნიადაგების რეკულტივაცია" (2023–დან), "ოქროს საწარმოს მიერ დაბინძურებული ნიადაგების ფიტორემედიაცია"(2015–2016), კანცეროგენული დამაბინძურებლები სუნელებში, სანელებლებსა და მწვანილებში და მათი მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე (ფულბრაითი, ა.შ.შ. სახელმწ. დეპარტამენტი, 2019), "საქართველოს დაბინძურებული ნიადაგების ეკომონიტორინგი და რემედიაციის ბიოტექნოლოგიური სქემის შემუშავება" (2014). მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ტყვიის დაბინძურების თვალსაზრისით, მისი კვლევები და სამეცნ. ანგარიშები საფუძვლად დაედო საქართველოში მნიშვნელოვანი კანონპროექტებისა და დებულებების შემუშავებას, რომელმაც ხელი შეუწყო ტყვიის კვლევებს, მისი შემცირების და გავრცელების პრევენციას: სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნ. კვლევითი ცენტრი (2018), თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ტყვიის, როგორც დამაბინძურებელი ნივთიერების, წყაროების შესწავლა (2019), გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში. პარლამენტი (2020). იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშ. უნ–ტებთან და კვლევით ორგანიზაციებთან. სტაჟირება გაიარა შემდეგ უნ–ტებში: შვეიცარიის ფედერალური კვლევითი ინ–ტი (WSL, 2022), მასაჩუსეტსის უნ–ტი (აშშ, ამჰერსტი, 2019-2020), არგონის ნაციონალური ლაბორატორია(აშშ, არგონი, ილინოისი, 2018), სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი, ა.შ.შ. (2016), დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტი, ა.შ.შ. (2015),ჯორჯიის უნივერსიტეტი -სავანა რივერისეკოლოგიური ლაბორატორია (აშშ, 2014). არის არაერთი სამეცნ. სტატიის და მონოგრაფიის ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფია "ნიადაგების ფიტორემედიაცია" (2016), „საქართველოს ზოგიერთი ინდუსტრიული რეგიონის ნიადაგებში მძიმე ლითონების შემცველობა“ (2022), რ–იც ეხება ნიადაგების ფიტორემედიაციასა და ნიადაგების დაბინძურების კვლევებს.