ასფალგი იულიუს
ასფალგი იულიუს

ასფალგიულიუს (Assfalg Julius, 6.XI.1919, აშაუ, ზემო ბავარია - 12.I.2001, მიუნხენი),  თსუ-ის სამეცნ. საბჭომ გერმანელ აღმოსავლეთმცოდნეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა (13.09.1993).

ა. ი. ფილოსოფიასა და თეოლოგიას სწავლობდა ფრაიზინგის უმაღლეს სასწავლებელსა და აიხშტეტის უნ-ტში. მან მიიღო სამეცნ. ხარისხი (1950), შემდგომ კი – უმაღ. აკად. კვალიფიკაცია (1961). მეცნიერი მიუნხენის უნ-ტში ქრისტ. აღმოსავლეთმცოდნეობის ფილოლოგიის პროფესორია (1966). მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია „ქრისტიანული აღმოსავლეთმცოდნეობის მცირე ლექსიკონი“. იგი ჟურნ. „ქრისტიანული აღმოსავლეთმცოდნეობის“ ასოცირებული რედაქტორი იყო. მეცნიერის ძირითად საკვლევ საკითხებს წარმოადგენდა: ქართ., სომხ., სირიული ხელნაწერები, ქრისტიანულ-აღმოსავლური ენები (სირიული, ეთიოპიური, კოპტური, ქართ. და სომხ.).

ა. ი.-ის ნაშრომებიდან აღსანიშნავია: "ქართული სასულიერო მწერლობა,” “კიტა ჩხენკელი” (1964), “ქართული ხელნაწერები“ (1963). ეს უკანასკნელი მეცნიერმა მ. თარხნიშვილის ხსოვნას მიუძღვნა. მასში მეცნიერულადაა აღწერილი გერმანულ წიგნსაცავებში დაცული ქართ. ხელნაწერები.

ა. ი. მუდმივად თანამშრომლობდა თსუ-თან, ქართველოლოგიურ ჟურნალებთან, მან არაერთი ქართ. ენითა და კულტურით დაინტერესებული სტუდენტი გამოზარდა, მ. თარხნიშვილთან ერთად  გერმანულ ენაზე გადაამუშავა კ. კეკელიძის "ძველი ქართულ მწერლობის ისტორია" (ტომი I; 1956).